"ესაა კლანური მმართველობის შედეგი: აზიანებს ბიზნესს და აღარიბებს ხალხს"

"ესაა კლანური მმართველობის შედეგი: აზიანებს ბიზნესს და აღარიბებს ხალხს",- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს, რითაც კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირებას ეხმაურება.

"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"კომერციული სექტორისათვის გაზის ფასი 24 თეთრით გაიზარდა, რაც ერთბაშად 22 პროცენტიან მატებას ნიშნავს. ეს უმძიმეს დღეში ჩააგდებს ბიზნესს. ვინ გაზარდა გაზის საფასური? ხელისუფლების კარის ბიზნესმენმა. თბილისის გაზის სისტემას, სანამ ყაზახებისგან სახელისუფლებო კლანს გადეცემოდა, ჩამოეწერა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება 100 მილიონი ლარის ოდენობით. ასე გასუფთავებულ-გაკრიალებული ბიზნესი გადაიბარეს, პატარა პაუზა გააკეთეს, მორჩა არჩევნები და აიშვეს. გაზში ხომ ფეხი მოიკიდეს, ახლა დენის ხელში ჩაგდების გეგმა აამუშავეს. იმავე ბიზნესმენმა ახლახან სპეციალურად, წინასწარ მისთვის გამოცხადებულ აუქციონზე იყიდა სახელმწიფოს ხელში არსებული ”თელასის” წილის 25 პროცენტი, რა თქმა უნდა, შორსმიმავალი მიზნებით. ესაა კლანური მმართველობის შედეგი: აზიანებს ბიზნესს და აღარიბებს ხალხს",- წერს რომან გოცირიძე.