თენგიზ ცერცვაძე - ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წამყვან ქვეყნებთან შედარებით ბევრად სუსტია - საქართველოსნაირ ქვეყანას მოსთხოვო ყველაფერმა საათივით გამართულად იმუშაოს და არ იყოს შეფერხებები, შეუძლებელია

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს მსგავს ქყვეყანას, პანდემიის დროს მოსთხოვო, ყველაფერმა საათივით გამართულად იმუშაოს - არ იყოს შეფერხებები, დაგვიანებითი ტესტირება, სასწრაფოსთან და ოჯახის ექიმთან დაყოვნება, სტაციონარებში ადგილის ლოდინი - შეუძლებელია. ამის შესახებ ცერცვაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხარო და არასასურველი სიტუაციაა, მაგრამ საქართველოს მსგავს შეზღუდული რესურსების ქვეყანაში, ამას უფრო ხარვეზები ჰქვია.

"ძალიან სამწუხარო და არასასურველი სიტუაციაა, მაგრამ მე ამას უფრო ხარვეზს დავარქმევდი. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წამყვან ჯანდაცვის ქვეყნებთან შედარებით ბევრად სუსტია, არაა გასაკვირი. ინფიცირების ასეთი კრიტიკულად მაღალი რიცხვის შემთხვევაში, ამ პირობებში, საქართველოსნაირ შეზღუდვების ქვეყანას მოსთხოვო ყველაფერმა საათივით გამართულად იმუშაოს და არ იყოს შეფერხებები, დაგვიანებითი ტესტირება, სასწრაფოსთან და ოჯახის ექიმთან დაყოვნება, სტაციონარებში ადგილის ლოდინი, ეს შეუძლებელია.მთელს მსოფლიოში ვერ უმკლავდებიან ამას. ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან ავადმყოფები გერმანიაში გადაჰყავთ, რადგან იქ საწოლები არ ჰყოფნით. საქართველოდან ხომ არავინ არსად გადაგვყავს?! კი ბატონო, არის დაგვიანება - ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, მაგრამ იქ კვირებია დაგვიანება", - განაცხადა ცერცვაძემ.