300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება 3 დეკემბრიდან იწყება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმ პირებს რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.
მათივე ინფორმაციით, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.
,,შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და კომპანიას პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას და მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში, მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო, დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი.
ამასთან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი“, - ნათქვმია ინფორმაციაში.