გაზრდილი ონლაინ ვაჭრობა და ფასები - რა გავლენა იქონია კორონაპანდემიამ გზავნილებზე

,შემცირებულია პირადი გზავნილები, რომელსაც ემიგრანტები ახორციელებდნენ, ონლაინ ვაჭრობის კუთხით კი სტაბილური ზრდაა გაზაფხულიდან დღემდე“ -ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან" „ინექს გრუპის“ დირექტორმა განაცხადა.

გიორგი კაპანაძის თქმით, ფასი თავად ავიაკომპანიებმა გაზარდეს და მიუხედავად მარჟის დაწევისა, მატება აისახა მათ კომპანიაზეც.

,,ტვირთების ფასი თავად ავიაკომპანიებმა გაზარდეს, რადგან ბაზარზე ცოტა გადამზიდი დარჩა, მოთხოვნა კი დიდია. მიუხედავად იმისა, რომ ფასი იზრდებოდა მუდმივად, ჩვენ მარჟა დავწიეთ და ვეცადეთ, მინიმალური ყოფილიყო ფასის მატება. მარტიდან დღემდე, ჩვენთან 1 კგ/ზე საფასური 1.50 დოლარით გაიზარდა და ახლა 1 კგ ტვირთის საფასური 9 დოლარია. პროპორციულად გაიზარდა სპეც-ტარიფებიც და 1.5 დოლარით მოიმატა“-თქვა კაპანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

,,ინექს გრუპის“ დირექტორი აცხადებს, რომ მატება ონლაინ ვაჭრობას შეეხო, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გზავნილები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია.

,,ჩვენი საქმიანობა იყოფა ორად, ეს არის ონლაინ ამანათები, ანუ გამოწერები და პერსონალური ამანათები, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები უგზავნიან ოჯახის წევრებს. მეორე მიმართულებით გაზაფხულზე იყო თვე ნახევრიანი შეფერხება, რადგან ევროპაში იყო სრული ლოქდაუნი და გაჩერებული იყო პერსონალური გზავნილები. მაისის შუა რიცხვებიდან ეს აღდგა და დღემდე, ყველანაირი შეფერხების გამო იგზვანებოდა, სანამ კვლავ არ დაიწყო შეზღუდვები საზღვარგარეთ. ეს დაეტყო, თუმცა არ გაჩერებულა გზავნილების მოწოდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახლა, საახალწლო პერიოდია და როგორც წესი, ამ დროს ძალიან დატვირთული იყო მუშაობა და სამჯერ მეტი ტვირთი ჩამოდიოდა, მაგრამ ახლა, ეს საახალწლო პერიოდი არ იგრძნობა, იგივე მოცულობისაა, რაც ორი თვის წინ, მაგრამ თუ შევადარებთ გასულ წელს, კლება ბუნებრივია არის. ველოდებით, რომ შეზღუდვების მოხსნისთანავე, ამანთების მოცულობა ერთბაშად გაიზრდება.

გაზაფხულიდან მოყოლებული სტაბილური მატებაა ონლაინ გამოწერილი ამანათების კუთხით. მთელს მსოფლიოში და ჩვენთანაც, პანდემიის გამო ადამიანები დისტანციურ შესყიდვებს ამჯობინებენ და მაღაზიებში სიარულს თავს არიდებენ. განსაკუთრებული მატება ბუნებრივია ,,შავი პარასკევის“ პერიოდში იყო, დაახლოებით 60-70%-იანი ზრდა გქვონდა. ეს მატება ამ დროს ყოველთვის არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ახლა გაგრძელდება, რადგან მაღაზიები დახურულია ორი თვით. ამიტომ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადავა ონლაინ შეძენაზე. ჩვენი კომპანია კი გამორჩეულია იმით, რომ ამანათების დისტრიბუციას ვახდენთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომაა მოხერხებული განსაკუთრებით რეგიონებში“,-თქვა კაპანაძემ.

კიდევ ერთი გადამზიდავი კომპანიის, Tnt-ს წარმომადგენლის თქმით კი, მათი ტარიფები ამ დრომდე არ შეცვლილა, თუმცა ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურების გამო, მატება ახლა დგას დღის წესრიგში და ეს საკითხი განიხილება.

,,ჩვენ ვმუშაობთ ზუსტად იგივე ტემპით და ტარიფებით, როგორც პანდემიამდე. დამოკიდებული ვართ იმაზე სად, რომელ ქვეყანაში როგორია პანდემიის გამო წესები და შეზღუდვები. ეს გვიშლის ხელს დროულად მოწოდებაში. თუ ქვეყანამ არ გამოაცხადა შეზღუდვა ტვირთის მოცულობაზე ან გადაზიდვაზე ჩვენთან არაფერი შეცვლილა.

ახლა, განხილვის პროცესშია ტარიფები, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ეროვნულ ვალუტაზე და მოგეხსენებათ, ლარი მკვეთრად გაუფასურდა“,-განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.

თამარ მუკბანიანი