საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან.
"ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 3 990 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 16 359 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით",- ნათქვამია ინფორმაციაში.