„იზრდება ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი, პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიის ზრდა საკანონმდებლო დონეზე მყარდება და პენსიონერებს არჩევნებიდან არჩევნებადე ლოდინი აღარ მოუწევთ.

გარდა ამისა, როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ყველა იმ სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდაც, რომელიც ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვისაა აუცილებელი.

„მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც საკანონმდებლოდ არის გამყარებული და შესაბამისად ჩვენს პენსიონერებს არჩევნებიდან არჩევნებადე ლოდინი პენსიის ზრდისთვის აღარ მოუწევთ. ასევე, განსაზღვრულია საკმაოდ სერიოზული თანხები დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობისთვის, ეს გახლავთ 103 მილიონი ლარი. იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და შესაბამისად ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და ეს გახლავთ 4 მლრდ ლარზე მეტი. ასევე იზრდება, განათლების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროების დაფინანსება - ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის”,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია, გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან.

ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლრდ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით.