ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საგარეო ვალის აღების ერთადერთი ამოცანა იმ სირთულეების შემსუბუქებაა, რაც პანდემიის გამო არსებული კრიზისით არის გამოწვეული. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა არის საკმაოდ ჯანსაღი და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
„პირველ რიგში, ყველა მინდა დავამშვიდო და დავარწმუნო, მთლიანად მსოფლიოში პანდემიასთან ბრძოლის გამო, საგარეო ვალის მოცულობა არის გაზრდილი და ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყნებს მოუწია გარე სესხების გაზრდა, რადგან ცალკე აღებული სახელმწიფო საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით ამ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდებოდა. ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ ჯანსაღი. მისი გაჯანსაღების პროცესი უკვე დაწყებულია და მომავალ წელს პოზიტიური ზრდა გვაქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, უახლოეს საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ვიქნებით კვლავაც ლიდერები რეგიონში ეკონომიკური ზრდის თავლსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკა დააგენერირებს საკმარის შემოსავალს იმისთვის, რომ ჩვენ უსაფრთხოდ და სტაბილურად მოვემსახუროთ საგარეო ვალს. რაც შეეხება მის გამოყენებას, ხედავთ, რამდენად გამჭვირვალეა თითოეული ჩვენი ნაბიჯი, თითოეული ღონისძიება და ვსაუბრობთ თითოეულ ლარზე, თუ რა მიმართულებით მიდის. ეს საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ნათელია. მთავარი და ძირითადი ამოცანა, რისთვისაც არის საგარეო ვალი აღებული, პრაქტიკულად, ერთადერთი ამოცანა არის ანტიპანდემიური ღონისძიებები და იმ სირთულეების შემსუბუქება, რაც სწორედ ამ კრიზისით არის გამოწვეული. აქედან გამომდინარე, პრობლემა არ იქნება“,-განაცხადა თურნავამ.