ნათია თურნავას განცხადებით, „ივენთ“ კომპანიებზე და კინოთეატრებზე სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა „ივენთ“ კომპანიებს სესხის პროცენტთან ერთად, ლიზინგის პროცენტსაც დაუსუბსიდირებს. ამასთან, როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება კინოთეატრებზეც გავრცელდება.

„სხვა ცვლილება, რაც ჩვენ ასევე შემოგვაქვს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, ეხება „ივენთ“ კომპანიებს. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ამ კომპანიებზე ასევე გავავრცელეთ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა. ახლა შემოგვაქვს ასევე ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება, რადგან მათ თხოვნით მოგვმართეს და გარკვეული ინვენტარი ლიზინგით აქვთ შეძენილი. აქაც ჩვენ პროცენტისგან პრაქტიკულად გავათავისუფლებთ და დავუსუბსიდირებთ. ასევე, ამავე პროგრამაში, სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაში შემოგვყავს კინოთეატრები. ეს კიდევ ერთი დაზარალებული ინდუსტრიაა, მათაც გვერდში დავუდგებით და დავეხმარებით“,-განაცხადა თურნავამ.