ორგანიზაცია "პროგრესის ცენტრის“ სტუდენტებმა საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართეს. ისინი პანდემიის დროს სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის განახევრებას ითხოვენ.
პეტიციას, რომლის მოთხოვნაცაა: 1) პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, განახევრდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გადასახადი; 2) სტუდენტებს აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი, ორ დღეში 5 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.
„სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა, რის უმთავრეს გამომწვევ მიზეზს ფინანსური პრობლემა და, აქედან გამომდინარე, დაგროვილი სტუდენტური გადასახადი წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 59076 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 19874 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.6%-ია, სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული. სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამის მიუხედავად, დღეს არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე. განათლების უფლება კი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.
სწორედ ამიტომ, ჩვენ - ახალგაზრდები ვითხოვთ: 1) პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, განახევრდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გადასახადი; 2) სტუდენტებს აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი,“ - აღნიშნულია ორგანიზაცია ,,პროგრესის ცენტრის“ პეტიციაში.
პეტიცია, Manifest.ge-ზე გამოქვეყნდა და უკვე ხელი 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა. ხელმოწერები გრძელდება.
აღნიშნულ ინფორმაციას მოძრაობა „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.