„Trace International-ის რეიტინგით, საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიმართულებით"

Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და მე-19 ადგილზეა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

რეიტინგის შეფასებისას, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების“ ქვეკომპონენტზე, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში პირველია.

„ჩვენ მსოფლიოში საუკეთესონი ვართ ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიხედვით. ეს, პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს ჩვენი პროგრამებით, ჩვენი დახმარებებით, გარკვეული სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისთვის და ნებართვის მისაღებად, არ სჭირდება ფიზიკური ურთიერთობა სამთავრობო უწყებებთან და იქ დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებენ ერთიანი ფრონტ ოფისები, რომლებიც არიან მაქსიმალურად დიჯიტალიზებული და ელექტრონულები.

„ეს არის შედეგი ჩვენი მიზანმიმართული რეფორმისა, რომლის მიხედვითაც მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ჩვენი სამთავრობო სერვისების განვითარებას,“ - განაცხადა მინისტრმა.

TRACE არის მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს ასოციაცია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობს და აფასებს კორუფციის ხარისხს, ზედამხედველობას, კარგ მმართველობას და მესამე მხარის მონაწილეობას რისკის მართვაში. რეიტინგი ქვეყნებს აფასებს კორუფციის მიხედვით, კერძოდ, კორუფციის შესაძლებლობის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, მთავრობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ესპანეთს.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.