რესტორნებს შესაძლოა, სესხის ძირიც დაუსუბსიდირდეს - „პასუხი გვეცოდინება დღის ბოლომდე“

რესტორნებს შესაძლოა, სესხის ძირიც დაუსუბსიდირდეს. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე" განაცხადა, საკითხზე მუშაობა მთავრობასთან ერთად მიმდინარეობდა და საბოლოო პასუხი მათთვის დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა რესტორნებს სესხის და ლიზინგის პროცენტს დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თურნავამ რესტორნებს მოუწოდა, იაქტიურონ და თავიანთ კრედიტორ ბანკებს მიაკითხონ. მისივე განმარტებით, განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება. თუმცა, მოხდება მხოლოდ პროცენტის, თუ სესხის ძირის დაფარვაც, ჯერჯერობით უცნობია.

„ჩვენი დაუღალავი მოთხვნებით, შრომით, მივაღწიეთ იმას, რომ გარკვეულწილად ბიზნესს მცირედი ამოსასუნქი მიეცა იმ გადაწყვეტილებით, რასაც სესხების სუბსიდირება ჰქვია. ეს არამარტო ბიზნესს, ამ სფეროში მომუშავე ძალიან ბევრ ადამიანს შეეხება. ეს რა თქმა უნდა, არ მოიცავს 100%-ს, მაგრამ ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ ამასთან დაკავშირებით და ძირიც უნდა იყოს. ანუ, ის რაც თავიდან ბოლომდე ე.წ დრაფტში იყო, ქალბატონმა ნათია თურნავამ მხოლოდ ნაწილი გააჟღერა, თუმცა, საბოლოოდ დღეს მივიღებთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, იქნება პროცენტი, თუ ძირიც. ჩვენ ძალიან ბევრი მოთხოვნა გვქონდა, პასუხი გვეცოდინება დღის ბოლომდე.

ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ რესტორნებისთვის, არამედ, ვფიქრობ, ბანკებისთვისაც, რადგან ძალიან ბევრი გადამხდელი უკვე კრედიტუუნაროა. ამ შემთხვევაში ბანკებასაც პრობლემა ექმნება და სახელმწიფო ამას უყურებს არა როგორც მხოლოდ კონკრეტული სფეროს პრობლემის გადაწვეტას, არამედ ბანკების პრობლემის გადაწყვეტაც იქნება. ყველა ბანკი იქნება მოხარული, თუ მისი მოვალე კრედიტუნარიანი გახდება. დღის განმავლობაში ალბათ, მივიღებთ პასუხს“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ნინი ქეთელაური