ეროვნულმა ბანკმა დოლარი კიდევ გაყიდა.
კერძოდ, 3 დეკემბერს გამართულ ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 25 მილიონი ამერიკული დოლარი. აუქციონზე 19 მილიონ 822 ათასი დოლარი გაიყიდა. ამასთან, სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3 ლარი და 31 თეთრი შეადგინა.
ცნობისთვის მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა დოლარი გასაყიდად უკვე 25-ედ გამოიტანა და ჯამში, 13 მარტიდან 3 დეკემბრის ჩათვლით სებ-მა ბაზარს 843 მილიონ 222 ათასი დოლარი მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა წელს აუქციონზე გაყიდული თანხის მოცულობით 10-წლიანი რეკორდი მოხსნა. აქამდე ყველაზე მეტი დოლარი ეროვნულმა ბანკმა ბაზარს მხოლოდ 2010 წელს მიაწოდა, მაშინ სავალუტო აუქციონი 33-ჯერ გაიმართა და ჯამში, 331 მილიონ 200 ათასი დოლარი გაიყიდა.
როგორც ცნობილია, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტას ყიდის ან ყიდულობს. სებ-ი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი სწრაფად უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ყიდულობს.