პროფკავშირები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს და მოუწოდებს, თვითდასაქმებულთათვის გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების საშუალება არაფორმალურად დასაქმებულებსაც მიეცეთ.
ამასთან, როგორც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უნდა გამკაცრდეს დამსაქმებლებისა და დაწესებულებების ადმინისტრაციების მიერ დასაქმებულთა თაობაზე ინფორმაციის გაგზავნის ადმინისტრირება.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, როგორც თქვენთვის ცნობილია, მთავრობის მიერ დამტკიცებული თვითდასაქმებულთა კომპენსაციების გეგმის მიხედვით დეკემბერი-იანვრის კომპენსაციებისთვის გამოყოფილია მხოლოდ 30 მილიონი ლარი, მაშინ, როცა წინა პროგრამაში ეს თანხა შეადგენდა 75 მილიონ ლარს. ამასთან, დაანონსდა, რომ კომპენსაციას მიიღებს მხოლოდ 100 000 მოქალაქე, მაშინ როდესაც, წინა შემთხვევაში დარეგისტრირდა და დახმარება მიიღო 250 000 -მდე მოქალაქემ. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია არა იმით, რომ ამჯერად ბევრად ნაკლებ ადამიანს ეხება კრიზისი, არამედ იმით, რომ ხელისუფლებამ კომპენსაციის მიმღებთაგან გამორიცხა არაფორმალურად დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი. საგულისხმოა, რომ 28 ნოემბრის შეზღუდვები არ ეხება თვითდასაქმებულთა მხოლოდ მცირე ნაწილს, ძირითადად აგრარულ ბაზრობებზე დასაქმებულებს. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 300 ლარიანი კომპენსაციების მიღების შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს და იმ პირებს, რომლებსაც ჰყავთ დამქირავებელი/ ობიექტის მფლობელი (მაგალითად ბაზრობის ადმინისტრაცია). ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა პირი, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი ან არ მუშაობენ რეგისტრირებულ ორგანიზაციაში ვერ მიიღებენ კომპენსაციას. ამ გზით კომპენსაციის მიმღებთა სიიდან გამოირიცხა 150 ათასამდე არაფორმალურად დასაქმებული, მათ შორის სწორედ დასაქმებულთა ყველაზე მოწყვლადი კატეგორია (ქუჩაში მოვაჭრეები, ძიძები, შინამოსამსახურეები, დღიური მუშები და ა.შ.), რომელთაც ყოველდღიური მიზერული შემოსავლიდან გამომდინარე, დანაზოგის გაკეთების თეორიული შანსიც კი არა აქვთ.
უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალურად დასაქმებულთა შემოსავლები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ქვეყანაში. ისინი წარმოადგენენ დასაქმებულთა ყველაზე დაჩაგრულ ნაწილს, რომლებსაც არ აქვთ ბაზისური შრომითი უფლებებიც კი და ვერ სარგებლობენ შრომისა და სოციალური დაცვის მინიმალური სტანდარტებით. ბუნებრივია, არც ერთ ასეთ დასაქმებულს არ აქვს სურვილი იყოს არაფორმალურად დასაქმებული და მათი უმეტესობა თავს უმუშევრად მიიჩნევს. ამ ადამიანების ასეთი ყოფა განპირობებულია იმით, რომ მათ არ შეუძლიათ იშოვონ ფორმალური სამსახური და ამის გამო ეწევიან იმ არსებობისთვის აუცილებელ საქმიანობას, რის შესაძლებლობასაც მათ აძლევს შრომის ბაზარი. აქვე აღვნიშნავთ, რომ თვითდასაქმებულთა კომპენსაცია, დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციისგან განსხვავებით, არის ერთჯერადი და საერთო ჯამში 4-ჯერ ნაკლები ოდენობისაა. ეს არის ის მინიმალური თანხა, რომელიც ამ ადამიანებს სჭირდებათ არსებობისთვის და ამ თანხის მიღება არ გამოიწვევს მათ გამდიდრებას. ასეთი მინიმალური დახმარების მიღებაზე განცხადებას ავსებს ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობა და ეს დასტურდება იმითაც, რომ ათასობით მოქალაქემ, რომელთაც არ ჰქონდათ ამის საჭიროება უარი თქვა კომუნალური გადასახადების დაფინანსებასა და არასრულწლოვანთათვის გამოყოფილ თანხაზე. ამასთან, მიუღებელია, რომ კომპენსაციების გაცემა მთლიანად დამსაქმებლების და დაწესებულებების ადმინისტრაციების მიერ შემოსავლების სამსახურში მონაცემების გაგზავნაზეა დამოკიდებული.
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამგვარი მიდგომა ნიშნავს, რომ მათ მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დასაქმებულთა დიდი ნაწილი კომპენსაციების გარეშე დარჩება. მითუმეტეს, რომ ასეთი შემთხვევებისთვის დამსაქმებლების წინააღმდეგ არ მოქმედებს არანაირი სანქციები. კომპენსაციების გაცემის პირველ ეტაპზე ჩვენ დაგვჭირდა არაერთი საპროტესტო აქცია, რათა გვეიძულებინა ბაზრობების ადმინისტრაციები, გაეცათ შესაბამისი ცნობები და შემდეგ, მათი სახელით აგვეტვირთა პორტალზე მონაცემები. ამჟამად, თვითდასაქმებულები მოკლებულები არიან შესაძლებლობას, თავად გაგზავნონ მონაცემები შემოსავლების სამსახურში.
ბატონო პრემიერო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე არაფორმალურად დასაქმებულთა მძიმე სოციალური მდგომარეობა და მათაც მისცეთ თვითდასაქმებულთათვის გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების საშუალება. ამასთან, გამკაცრდეს დამსაქმებლებისა და დაწესებულებების ადმინისტრაციების მიერ დასაქმებულთა თაობაზე ინფორმაციის გაგზავნის ადმინისტრირება”,- აღნიშნულია პროფკავშირების მიმართვაში.