მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ყვავილების მაღაზიები 2 თვით დაიხურა და მათ მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის უფლება მიეცათ.
სარესტორნო ბიზნესისგან განსხვავებით, ყვავილების მაღაზიებს აეკრძალათ, რომ მომხმარებლებმა თავად წაიღოს დაკეტილი მაღაზიის კარებიდან პროდუქცია.
კომპანია ,,ლანას ყვავილების“ მფლობელი, ლანა ბერძენიშვილი, სწორედ ამ წესს აპროტესტებს. როგორც მან ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბიზნესისათვის დამატებითი წნეხია.
,,ონლაინ სერვისი განსაკუთრებით მცირე მაღაზიებისთვის ვერანაირად ვერ დააკომპენსირებს ჩვენს ვაჭრობას. ახლა, რეალურად დღეში შეიძლება, რომ მხოლოდ ერთი შეკვეთა მქონდეს. ასეთია დღეების უმეტესობა. ამას არ ჰქია შემცირება, ფაქტობრივად, მუშაობა აღარ არის. რაღაცის მოფიქრებას ვაპირებთ, მაგრამ რისი არ ვიცი.
სახელმწიფო გვეუბნება, რომ მე შემიძლია ადგილზე მივიტანო თაიგული, თუმცა კლიენტს არ აქვს უფლება, რომ მოვიდეს და წაიღოს დაკეტილი მაღაზიის კარიდან. ეს მაშინ, როცა საკვების წაღების სერვისებისათვის ნებადართულია ე.წ. ,,თვითონ წავიღებ“ სერვისი. აბსოლუტურად გაუგებარია, რა განსაკუთრებულ რისკს ვქმნით ჩვენ და რატომ არის ინფიცირების უფრო დიდი საფრთხე ჩვენთან.
აქ გასათვალისწინებელია ქართული რეალობაც, არავის სურს პანაშვიდზე წასაღები თაიგული სახლში მიუტანონ. ყველა გზად ყიდულობს. მთავრობამ ამის შესაძლებლობა წაგვართვა. არადა, 10 შეკვეთიდან, მხოლოდ ერთი თუ არის ხოლმე სასაჩუქრე, დანარჩენი პანაშვიდზე წასაღები, ან სასაფლაოზე გასატანი თაიგულებია, რომელიც ხშირად უფრო იაფია, ვიდრე მიწოდება გვიჯდება. ამიტომ, არც კლიენტს უღირს მისი შეკვეთა და არც ჩვენ“, - ამბობს ლანა ბერძენიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
,,ლანას ყვავილების“ მფლობელი იმ პრობლემებზე საუბრობს, რასაც დასაქმებულებს და ბიზნესს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უქმნით, რომელიც არავის განუმარტავს, რატომ გახდა აუცილებელი.
,,აიღეს და ყველა ერთ ქვაბში მოხარშეს. არ გაუანალიზებიათ, სად მეტია საფრთხე, სად ნაკლები და ვის რა პრობლემა შეექმნება. ყველას ბანკის ვალი აქვს, მათ შორის მეც, 2 000 ლარს ვიხდი თვეში და არავინ ფიქრობს, ეს როგორ უნდა მოვახერხოთ. ხელისუფლებას არ აქვს არანაირი კომუნიკაცია მცირე ბიზნესთან. შედეგად კი უმუშევარი რჩებიან ადამიანები და დახურვის ზღვარზე ვართ მცირე მაღაზიები“-ამბობს ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, 20 ნოემბერს უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა გზა გადაკეტეს და მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. როგორც მეყვავილეები ამბობდნენ, ისინი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ხელისუფლებისგან ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე მეყვავილეების აქციას ასე გამოეხმაურა - ყვავილები ონლაინ გაყიდონ.