მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 7.2%-ით შემცირდა

2020 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645.6 ათასით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია,- ამის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგებშია აღნიშნული.

„საქსტატის“ მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის III კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა და 29.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 11.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8 პროცენტით ნაკლებია.

რაც შეეხება ბიზნეს სექტორში დასაქმებულებს, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. ამასთან, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 437.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.4 პროცენტით ნაკლები). 2020 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 305.9 ლარს გაუტოლდა და გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 10.3 ლარით.