ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის მე-3 კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა და 29.2 მილიარდი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის მე-3 კვარტალში მისი მოცულობა 11.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში მთლიანი ბრუნვის 57.1 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 25.2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3 პროცენტი, საშუალოზე - 27.6 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.1 პროცენტი.
„საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წლის მე-3 კვარტალში 16.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით ნაკლები), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 9.9 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტით ნაკლები). 2020 წლის მე-3 კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.8 პროცენტი ქალია, ხოლო 59.2 პროცენტი - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.7 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 610.4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 6.4 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 437.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.4 პროცენტით ნაკლები).
2020 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 305.9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 10.3 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 998.3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 18.5 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
2020 წლის საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 38.3 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 28.4 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.7 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 7.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.5 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -2.6 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.7 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.
მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (23.7 პროცენტი) და მშენებლობა (20.7 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (18.8 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 8.3 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 28.5 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2020 წლის მე-3 კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 27.5 პროცენტი, 13.0 პროცენტი და 11.1 პროცენტიანი წილებით). თუმცა სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (9.6 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.8 პროცენტი),“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.