საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში შემცირდა

2020 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 305.9 ლარს გაუტოლდა, გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 10.3 ლარით. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, სექტორში ქალების ხელფასმა შეადგინა - 998.3 ლარი, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 18.5 ლარით მეტია.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 1 297.2 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 1 487.6 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 1 186.0 ლარი.

ცნობისთვის, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის მე-3 კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტით გაიზარდა და 29.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 645.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.8 პროცენტი ქალია, ხოლო 59.2 პროცენტი - კაცი.

თაია არდოტელი