შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში ეკონომიკური საქმიანობა 5 792 ობიექტს შეუჩერდა, რომლებიც არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდნენ. როგორც მან მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, 7 ობიექტი დაჯარიმდა. ბექა ფერაძის თქმით, ხდება ობიექტების რემონიტორინგიც.
„28 ნოემბერი - 3 დეკემბრის მონაცემებით, მას შემდეგ რაც ამოქმედდა იზოლაციისა და კარანტინის წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილება და მკაცრი აღსრულება დაიწყო, სულ 22 532 ობიექტი შემოწმდა, მათ შორის წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733-ს, 5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, რომლებიც შეზღუდვების მიუხედავად აგრძელებდნენ არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას, დაჯარიმდა 7 ობიექტი. ბუნებრივია, პერიოდულად ხდება რემონიტორინგი, გუშინ განხორციელდა 2 719 ობიექტის რემონიტორიგნი, რამდენად შეწყვიტეს მათ საქმიანობა და დადასტურდა, რომ ნამდვილად ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასული“,-აღნიშნა მან.