„განსაკუთრებული შემთხვევა გვქონდა, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია დაახლოებით, 25%-მდე გავზარდეთ. მომხმარებლები შეეჩვივნენ ონლაინ გაყიდვებს და მათი ქცევაც შეიცვალა“,- ამის შესახებ „გეფერინის“ ხელმძღვანელმა ილია გეფერიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პირველი „ლოქდაუნის“ დროს, გაცილებით რთული იყო ადაპტაცია, თუმცა, მეორე ეტაპზე გამოცხადებულ შეზღუდვებს უფრო მომზადებულები ხვდებიან. კერძოდ, როგორც „გეფერინის“ ხელმძღვანელი ამბობს, მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ „დიჯიტალში“ რეინვესტირება, საკმაოდ კარგი შედეგის მომტანია.
ცნობისთვის, Gepherrini ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა. ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილმა, გეომეტრიული დიზაინის ჩანთებმა დაინტერესება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიწვია. Gepherrini-ს პროდუქცია იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, შვედეთში, ჩინეთში, სულ 11 ქვეყანაში. საქართველოში კომპანია 6 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი, აქედან 5 თბილისში და ერთი ბათუმში.
“ახლა უფრო მომზადებულები შევხვდებით შეზღუდვებს, ვიდრე პირველ ეტაპზე. თავიდან საერთოდ არ ვიცოდით როგორ მოვქცეულიყავით. ახლა გამოცდილება მივიღეთ, ვისწავლეთ და ვფიქრობ, რომ უფრო გადავლახავთ. თუმცა, ზოგადი ვითარება რომ კარგი არ არის, ამაზე ყველა ვთანხმდებით.
რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს კომპანიას, ბოლოს ძალიან კარგი ვითარება იყო. მეტიც, განსაკუთრებული შემთხვევა გვქონდა, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია დაახლოებით, 25%-მდე გავზარდეთ. ონლაინ გაყიდვების მიმართულებით ვიმუშავეთ. „დიჯიტალში“ უფრო მეტი ბიუჯეტი გამოვყავით, ვიდრე აქამდე გვქონდა, რამაც გამოიწვია რეალიზაციის ზრდა. მომხმარებლები შეეჩვივნენ ონლაინ გაყიდვებს და მათი ქცევაც შეიცვალა. ამ პერიოდში გაყიდვები გაგვეზარდა ფიზიკურ მაღაზიებშიც. თუმცა, თუ მანამდე ონლაინში, პირობითად, X თანხა გვქონდა, ახლა გავზარდეთ 5X-მდე, შესაბამისად, გაყიდვებზე კარგად აისახა“,- ამბობს ილია გერეფიძე.
მისი ინფორმაციით, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, კომპანია სწორედ ონლაინ მიმართულებით იმუშავებს. სამომავლოდ, კომპანია მათ შემცირებას არ გეგმავს.
„მომდევნო 2 თვის განმავლოაბში ვგეგმავთ, რომ მთლიანად ონალინ გაყიდვებზე გადავერთოთ. იმედი გვაქვს, მარტიდან შეიცვლება სიტუაცია.
მაღაზიებს დროებით დავხურავთ, თუმცა რაოდენობას შევინარჩუნებთ და ამ ეტაპსაც რაღაცნაირად გადავლახავთ. ახლა ისეთი პერიოდია, ვინც გაუძლებს, გაიმარჯვებს და წარმატებასაც მიაღწევს. ჩვენ არცერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია პანდემიის გამო და არც მომავალში ვგეგმავთ. იმედია, არც მოგვიწევს.
რაც შეეხება ექსპორტს, იქ უარესი ვითარებაა. მაგალითად, ყაზახეთში ერთ თვეში მინიმუმ 2 კვირა კარანტინია და ეს გრძელდება მერამდენე თვეა. ისარაელში ფაქტობრივად, დახურულია სავაჭრო ცენტრები. დაახლოებით, მსგავსი სიტუაციაა სხვა ქვეყნებშიც“,-ამბობს ილია გეფერიძე.
ცნობისათვის, პანდემიამდე „გეფერინის“ ონლაინ-გაყიდვები მთლიან რეალიზაციაში 5%-ს შეადგენდა. პანდემიის პირველი ტალღისას კომპანია ამ მაჩვენებლის 15%-მდე ზრდას გეგმავდა. თუმცა, როგორც დღეს ირკვევა, ონლაინ გაყიდვების წილი საპროგნოზო მაჩვენებელზე უფრო მეტად, 25%-მდე გაიზარდა.