კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა, ორსულობის დამდგენი ტესტის მსგავსი საშუალებით განხორციელდეს

კორონავირუსზე ტესტირება შესაძლოა, ორსულობის დამდგენი ტესტის მსგავსი საშუალებით განხორციელდეს. როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა,ზოგიერთი ქვეყანა უკვე საუბრობს ტესტებზე, რომელიც ორსულობის დამდგენი ტესტის მსგავსად, აფთიაქებში იყიდება.

„არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ხანში მსგავსი ტესტირება ნერწყვიდან და არა ნაცხიდან შემოვიდეს. ნერწყვის ტესტების ვალიდაცია საერთაშორისო დიდ კომპანიებში ახლა მიმდინარეობს, ჯერ არ არის. მომავალში (არა ხვალ-ზეგ) არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ტესტი იყიდოთ და თქვენ თვითონ ჩაიტაროთ. მისი ჩატარების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. არავითარი სამედიცინო განათლება არ სჭირდება“,- განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სხვას უკეთებს პირი ამ ტესტს, მაშინ შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი.

ამასთან, მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს. აფთიაქი ამ შემთხვევაში, პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

„პრინციპში შესაძლებელია. ამ ეტაპზე დავაკვირდებით. ჩვენ გავაფართოვეთ ტესტირება, აქამდე 30-მდე დაწესებულება იყო, ხვალიდან, ზეგიდან თბილისში უკვე 80-ზე მეტი დაწესებულება იქნება. მთელს ქვეყანაში, დაახლოებით 300-მდე და შემდეგში უფრო გაფართოვდება. მათ შორის ერთ-ერთ ვარიანტად იყო განხილული. აფთიაქებს აქტიურად ვიყენებდით ცე-ჰეპატიტის სკრინინგის დროს, აქაც შეიძლება, რა თქმა უნდა, სადაც შესაბამისი ფართია“, - განაცხადა გამყრელიძემ.