მიიღებენ თუ არა გარემოვაჭრეები 300-ლარიან კომპენსაციას - შემოსავლების სამსახურის განმარტება

სახელმწიფომ 300-ლარიანი კომპენსაციების გაცემა დაიწყო.

ვინ იქნება დახმარების ბენეფიციარი, რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ და რა მისამართზე? ყველა საკითხზე დეტალურად ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ისაუბრა.

ლევან დგებუაძის თქმით, შემოსავლების სამსახურს 1 დღეში უკვე 4 500-მა ბენეფიციარმა მიმართა. თანხის ჩარიცხვის ვადა კი სამი დღეა.

,,შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე, განაცხადი ამ დრომდე უკვე ატვირთა 4 500-მა პირმა. ძალიან მნიშვნელოვანია განიმარტოს, ვინ იქნება დახმარების ბენეფიციარი და როგორ მიიღებენ მას. პირველ რიგში, დახმარებას მიიღებენ პირები, დაქირავებულები, რომლებიც მუშაობდნენ და 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო დამქირავებლებს შეეზღუდათ საქმიანობა და ვეღარ უხდიან ხელფასს. მეორე, ეს არიან რეგისტრირებული პირები, ინდ მეწარმეები, მიკრო მცირე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი მეწარმეები, რომლებიც 2020 წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას და შეეზღუდათ და მესამე, ეს არიან არარეგისტრირებული თვითდასაქმებულები.

რაც შეეხება დოკუმენტაციას, პირველ შემთხვევაში ფორმას ავსებს დამსაქმებელი, მეორე შემთხვევაში თავად დასაქმებული. ჩვენ სამი დღის ვადაში გადავუგზავნით ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს, რომელიც ამ ვადაში უზრუნველყოფს კომპენსაციების ჩარიცხვას მათ ანგარიშებზე. წარდგენის ბოლო ვადა 24 დეკემბერია, თუმცა წარდგენილ მონაცემში კორექტირების შეტანა 28 დეკემბრამდე შეუძლიათ“,-განაცხადა დგებუაძემ.

წამყვანის კითხვაზე, ჩაერიცხებათ, თუ არა კომპენსაცია გარე მოვავაჭრეებს, რომლებიც არავისაგან ქირაობდნენ ფართს და ქუჩაში ყიდდნენ პროდუქციას, დგებუაძე პასუხობს, რომ - არა.

,,დოკუმენტაციის არასწორი წარდგენა, საგადასახადო დანაშაულია და ბუნებრივია, იწვევს სანქცირებას. ამიტომ ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, სწორად მოგვაწოდონ დოკუმენტაცია. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, თუ ისინი არ ქირაობენ ფართს ან არ იღებენ უფლებას და ვაჭრობენ ისე, რომ არავის მიმართავს საქმიანობისათვის, ისინი ვერ მიიღებს კომპენსაციას“,- თქვა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ,,საქმეში“.

რაც შეეხება 200 ლარიან კომპენსაციას დაქირავებით დასაქმებულთათვის, დგებუაძეს თქმით, ის იანვარში დაიწყება და იმოქმედებს 6 თვე.

თამარ მუკბანიანი