„საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიებისთვის შეღავათების დაწესების შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი ამერიკული კომპანია შემოვიდა"

ისეთი ინდუსტრიების განვითარება, როგორიც IT ინდუსტრიაა, ინოვაციური ბიზნესი, დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებული სერვისები და მათი მწარმოებელი კომპანიები არიან, პოსტპანდემიური ეკონომიკის ერთ-ერთი მახასიათებელი იქნება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ ინდუსტრიას მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს. კერძოდ, ცოტა ხნის წინ მთავრობის გადაწყვეტილებით, IT კომპანიები, რომლებიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და მოიპოვებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსს, მოგების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის 5%-ს, რაც საკმაოდ სერიოზული შეღავათია.

„მთავრობის გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა პირველი შედეგი და როგორც უკვე იცით, საქართველოში ამერიკული IT კომპანია, „ეპამი“ შემოვიდა, რომელმაც დააფუძნა ადგილობრივი ოფისი და 1000-მდე ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს. ამ დღეებში კი, გადაწყდა უკვე მეორე ამერიკული კომპანიის „ექსადელის“ საქართველოში შემოსვლა. პირველ ეტაპზე, კომპანია საქართველოში 40-მდე ადამიანს დაასაქმებს, თუმცა ოპერირების გაფართოებასთან ერთად, დასაქმების მაჩვენებელსაც გაზრდის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხუთი წლის განმავლობაში სწორედ ამ სექტორის კომპანიები, რომლებიც საქართველოში გადმოვლენ და ადგილობრივებს დაასაქმებენ, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით, 5%-იან კონტრიბუციას გააკეთებენ. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Exadel-ი 20 წლის წინ ამერიკაში, სილიკონ ველიზე დაარსებული კომპანიაა, რომელიც დღეს 1000 თანამშრომელსა და 23 ოფისს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, პოლონეთში, ლიტვაში, გერმანიაში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში.