რუსეთში, საექსპორტო ხორბლის ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირების პარალელურად, უფრო აქტიურდება კითხვა, რატომ არ ახდენს საქართველო ბაზრის დივერსიფიცირებას. ,,მეხორბლეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი რუსული ხორბლის კონკურენტუნარიანი ფასია.
ლევან სილაგავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახური მხარე ლოჯისტიკის ხარჯის 50% აფინანსებს, ის მაინც ვერ უწევს კონკურენციას რუსული ხორბლის ფასს, თუ საქართველოში ყაზახეთიდან 1 ტონა ხორბლის ტრანსპორტირება 100 დოლარი ჯდება, რუსეთიდან მისი ღირებულება მხოლოდ 17-20 დოლარია.
,,რუსეთი, დღეს ხორბლის მსოფლიოში პირველი ექსპორტიორი ქვეყანაა, საიდანაც მსოფლიოს 124 ქვეყანა ყიდულობს პროდუქტს. ეს განპირობებულია ხორბლის ყველაზე კონკურენტული ფასით. ჩვენ კი სხვა ქვეყნებთან შედარებით გვაქვს ის მნიშვნელოვანი ასპექტიც, რომ რუსეთიდან პროდუქციის შემოტანა ხდება სამი გზით: პორტით ბათუმიდან და ფოთიდან, საავტომობილო გზით ზემო ლარსიდან და გარდაბანში რკინიგზით აზერბაიჯანიდან.
დივერსიფიცირების საკითხი დგას მუდმივად, თუმცა ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ფასი სადმე იქნება უკეთესი. ამის მცდელობები სულ არის. გასულ წელს, ნოემბერში ყაზახეთიდან 80 000 ტონა შემოვიტანთ და აშშ-დან 30 00 ტონა, თუმცა ეს არ არის ბაზრის მნიშვნელოვანი წილი. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთთან ორი წლის წინ მიღწეული შეთანხმების შედეგად, პარტნიორი სახელმწიფო ლოჯისტიკური ხარჯების ნახევარს აფინანსებს, ეს არ არის საკმარისი. თუ რუსეთიდან 17-20 დოლარია 1 ტონა ხორბლის ტრანსპორტირების საფასური, ყაზახეთიდან 100 დოლარი ჯდება.
სუბსიდირების მექანიზმი დღესაც მოქმედებს თუმცა სამწუხაროდ, ფასი კვლავ არ არის კონკურენტუნარიანი რუსეთთან და ასე ვრჩებით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ის 124 ქვეყანაც ჩამოკიდებული რუსულ ხორბალზე. როგორც კი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მისაღები ფასი, ჩვენ რა თქმა უნდა, დავიწყებთ ბაზრის დივერსიფიცირებას. ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკაა, სადაც ნაკლებია ფასი, როგორც საექსპორტო პროდუქტის, ასევე ლოჯისტიკის, ვყიდულობთ იქ. არ შეიძლება რამე სხვა მიზეზი იყოს. კონკურენციის სააგენტოს 2019 წლის ბაზრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 104 იმპოტიორი კომპანიაა, რომელიც მხოლოდ ამიტომ აკეთებს არჩევანს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად რუსულ ბაზარზე, რა მიზეზებიც ჩამოვთვალე“-განაცხადა სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, 2020 წლის პირველ 10 თვეში საქართველოში 407,719.37 ტონა ხრობლისა და მესლინის იმპორტი განხორციელდა. აქედან, 407,605.83 ტონა რუსეთიდან, 52.00 ტონა თურქეთუდან, 38.62 ავსტრიიდან, 22.50 ტონა კი საბერძნეთიდან შემოვიდა.