თეთრი მარწყვი ანანასის არომატით აშშ-ს ბაზარზე უკვე გამოჩნდა. როგორც EastFruit-ი Fruitnet-ზე დაყრდნობით წერს, პროდუქტი იმ ორი სახეობიდან ერთ-ერთია, რომელიც ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს.
თეთრი მარწყვის მოსავლის სეზონი ფლორიდაში ნოემბრის ბოლოდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
ფლორიდის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის ვენს უიტაკერის აზრით, მათ მიერ გამოგონებულ არცერთ სახეობას სახელი არ აქვს - ისინი ცნობილია როგორც: FL 16.78-109 (თეთრი) და FL 16.30-128 (წითელი) მარწყვი.
”მას შემდეგ, რაც წელს თეთრი მარწყვი ბაზარზე სატესტო რეჟიმში შემოვიდა, დიდი ინტერესი გამოიწვია”, - აღნიშნა უიტაკერმა.
როგორც ასისტენტ-პროფესორი აღნიშნავს, თეთრ მარწყვს ანანასის მსუბუქი არომატი აქვს, შიგნიდან და გარედან თეთრია, ზედაპირზე კი წითელი ან მოვარდისფრო თესლით შეფერილი.
”გემო ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ბაღის მარწყვისგან, ის ტკბილია, ანანასის არომატით”, - ამბობს უიტაკერი.
მისივე თქმით, 2012 წელს ფლორიდის უნივერსიტეტში იაპონიიდან ჩატანილი მარწყვის თესლისგან რამდენიმე მცირე ზომის მცენარე დაფესვიანდა. როგორც უიტაკერი განმარტავს, სწორედ ამ მცენარისა და ფლორიდის მშობლიური ჯიშების შეჯვარებით შეიქმნა ახალი სახეობის პროდუქტი.
მეცნიერების თქმით, პროდუქტის დამწიფება ხდება მაშინ, როდესაც მარწყვი მცირედით შევარდისფრდება.
„ახალ მარწყვს შესანიშნავი გემო აქვს. შაქრის მაღალი დონის გამო, ეს ჯიში ცოტათი ჰგავს Sensation- ს, რომელიც ამჟამად ფლორიდაში ერთ-ერთი წამყვანი ჯიშია, მაგრამ უფრო მძაფრი არომატი აქვს”, - ამბობს უიტაკერი.