ქართულ თხილზე მოთხოვნა პანდემიის პირობებშიც არ შემცირებულა. საქართველოდან ნოემბერში 2 000 ტონა თხილი გავიდა საექსპორტოდ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ თხილის გადამამუშავებელი საწარმო ,,ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ დამფუძნებელმა ისაუბრა.
ბაია სალუქვაძშის თქმით, პანდემიის მეორე ტალღას თხილის გადამუშავებისა და საექსპორტოდ გატანისათვის ხელი არ შეუშლია. ქართული თხილის ფასი კი მსოფლიო ბაზარზე 5.80-6 აშშ დოლარია.
,,ჯერჯერობით, შეფერხება არ გვქონია. აგვისტოდან დავიწყეთ თხილის მოსავლის აღება და გადამუშავება და პროცესი მიმდინარეობს ისევ. ზოგიერთი ქარხნის შემთხვევაში, თუ თანამშრომლის ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება, რაღაც დროით იხურება. ჩვენთან მსგავსი პრეცენდენტი ამ დრომდე არ მომხდარა.
რაც შეეხება ექსპორტს, არც ამ მხრივ შექმნილა აგვისტოდან დღემდე არანაირი პრობლემა. ქართულ თხილზე მოთხოვნა საკმაოდ კარგია ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან, თუმცა ეს უფრო თვალსაჩინო იქნება იანვრის შემდეგ. წლის ამ მონაკვეთში თხილზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია, რადგან შოკოლადის ქარხნები და საკონდიტრო სახლები წინა საახალწლოდ საკმაოდ დიდი რაოდენობით თხილს ყიდულობენ ყოველთვის. მთავარია როგორი იქნება მოთხოვნა შემდეგ.
ამ ეტაპის მონაცემები ასეთია, ნოემბერში საექსპორტოდ 2 000 ტონა გავიდა. ვმუშაობთ შეუჩერებლად. ფასი კი ბუნებრივია დამოკიდებულია ბევრ რამეზე, თუმცა საშუალოდ 1 კგ თხილის გული 5.80-6 აშშ დოლარია“,-განაცხადა ბაია სალუქვაძემ.
მისივე თქმით, თხილის ექსპორტს მნიშვნელოვანი პრობლემები პანდემიის პირველი ტალღის დროს, ევროპის ქვეყნების ლოქდაუნმა შეუქმნა.
,,პრობლემები ძირითადად პანდემიის პირველ ეტაპზე იყო, როცა ევროპის ის სახელმწიფოები, სადაც საქართველოდან თხილი გადის სრულად ჩაიკეტა. შედეგად ჩვენს კომპანიას ნაშთიც ჰქონდა, რისი რეალიზაციაც მოვახერხეთ ლოქდაუნების შედეგ, თუმცა ნაკლებ ფასად და ვიზარალეთ. მიუხედავად ამისა, გვესმის, ეპიდ სიტუაცია და მოხარულები ვართ, რომ ახლაც, შეუფერხებლად ვაგრძელებთ საქმიანობას“, - განაცხადა ბაია სალუქვაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“
ცნობისთვის, 2020 წლის პირველ ათ თვეში, საქართველოდან 12,305.15 ტონა თხილი გავიდა ექსპორტზე, რაც 2019 წლის მონაცემს აღემატება. გასულ წელს საქართველომ გასაყიდად 9,161.11 ტონა თხილი გაიტანა.