საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს.Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის პოზიტიური გზავნილი როგორც ინვესტორებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთის, ვინაიდან დემოკრატიული ღირებულებების გატარება და ქვეყნის მდგრადი განვითარება განაპირობებს კონკურენტუნარიანობას და ბუნებრივია, აღნიშნული მაჩვენებლები მისასალმებელია.
„გამოქვეყნებული ახალი რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის. დღეს, ისე როგორც არასოდეს, მნიშვნელოვანია ინვესტორებისათვის მეტი პოზიტიური შეტყობინება ქვეყანაში არსებული და მომავალში მოსალოდნელი ბიზნესგარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. კოვიდ პანდემია მსოფლიოში და მასთან ერთად საქართველოშიც მალე დასრულდება, ამის ცალსახა ნიშნები უკვე არსებობს და ჩვენ დღეიდან უნდა დავიწყოთ მზადება პოსტპანდემიური ეკონომიკური რეალობისათვის, ახალი საინვესტიციო და ეკონომიკური პოლიტიკისათვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ დაზიანებული ეკონომიკის აღდგენა და ზრდის ახალი, ბევრად სწრაფი ტემპის მიღწევა. ამასთან, გამჭვირვალობა, კორუფციის დონე, ბიზნესისა და ხელისუფლების ურთიერთობა - ეს ის მიმართულებებია, რომელზეც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რადგანაც ეს არის სრულყოფის მუდმივი პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.