ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეახსენებს გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, 2021 წლის 1 იანვრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, მეწარმე სუბიექტებს შესაბამისი განცხადების ფორმით უნდა მიემართათ შემოსავლების სამსახურისთვის, რათა მათ მიმართ არ განხორციელებულიყო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაზეც სპეციალური განცხადება და საჯარო მოწოდება გაკეთდა უწყების მიერ და შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნათ გადამხდელებს.
„აღნიშნული გადავადებით, უკვე ისარგებლა 670-მა გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა და მათ ავტომატურ რეჟიმში, 2021 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდათ ვალდებულება და მათ მიმართ არანაირი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გატარებულა, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი განცხადება, თანხების გადაუხდელობის გამო ავტომატურ რეჟიმში გავრცელდა იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ითვალისწინებს გლობალური პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას და გამოთქვამს მზადყოფნას კვლავ განიხილოს გადამხდელთა მიერ წარმოდგენილი წინადადებები და იმსჯელოს სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად, კომპანიის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებების ვადის გადავადების თაობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.