„რატომ სუბსიდირდება მხოლოდ ხორბალი და რა განსხვავებაა გაზაფხულთან შედარებით? გაზაფხულზე სიტუაცია ბევრად უფრო არაპროგნოზირებადი იყო"

რატომ სუბსიდირდება მხოლოდ ხორბალი და რა განსხვავებაა გაზაფხულთან შედარებით? გაზაფხულზე სიტუაცია ბევრად უფრო არაპროგნოზირებადი და დღევანდელი მოცემულობიდან აბსოლუტურად განსხვავებული იყო, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

დავითაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს ფული ფუჭად და არამიზნობრივად არ დაუხარჯავს.

„ახლა ქვეყნებმა მოახერხეს გარკვეული ადაპტირება. გაზაფხულზე სხვა ტიპის გამოწვევები იდგა, ჩვენ დავინახეთ დაცარიელებული დახლები წარმატებულ, მდიდარ ქვეყნებში, რაც ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო. ეს რომ არ მომხდარიყო საქართველოში, კერძო სექტორთან მაქსიმალური კოორდინაციით, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით, რომ ეს წყვეტა არ გვქონოდა, დახლები შევსებულიყო და დეფიციტი არ ყოფილიყო პროდუქტების. სახელმწიფოს ფული ფუჭად და არამიზნობრივად არ დაუხარჯავს, როგორც კი მოხდა კურსის კორექტირება სიტუაცია თავისუფალი ბაზრის რეჟიმში გადავიდა. სამწუხაროდ, სურსათზე ფასები გაზრდილია, არსებობს ფასების ინდექსი და 6%-ით ზოგადად არის ფასები შეცვლილი მსოფლიოში.

სოფლის მეურნეობისთვის 2020 წელი კოვიდის მიუხედავად არის რეკორდულად წარმატებული წელი, არცერთი ეკონომიკის დარგი არ გაიზარდა ისე, როგორც სოფლის მეურნება. სოფლის მეურნეობაში ჩვენ გვაქვს რეკორდული საექსპორტო და საშემოსავლო მონაცემები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.