შემოსავლების სამსახურს ერთჯერადი, 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადით უკვე 6 084 პირმა მიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ერთჯერადი, 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადით უკვე 6 084 პირმა მიმართა, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge.

მათივე ცნობით, პირველადი განცხადების წარდგენა განხორციელდება 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

„ამასთან, კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ხოლო დასაქმებულებსა და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებსა და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარებით სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. გვსურს მადლობა გადავუხადოთ იმ ბიზნეს სუბიექტებს/კომპანიებს, რომლებმაც გამოავლინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, კუთვნილი კომპენსაციების სწრაფად და შეუფერხებლად მიღებისთვის,“-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.