„რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, შეუსაბამო პროპორციულობაა ადამიანთა რაოდენობის და ჰოსპიტალურ შესაძლებლობებს შორის,“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ინდივიდუალური ექიმების დახმარებით, ქვეყანა ასე თუ ისე უმკლავდება და მეტნაკლებად, ჯერჯერობით ართმევს თავს.
„ძალიან სერიოზული პრობლემაა, როცა პაციენტს რამდენიმე დღე აქვს სიცხე და ეუბნებიან, რომ კოვიდ კლინიკის გარდა სხვაგან ვერ მიიღებენ, პრობლემაა როცა ოჯახს არ შეუძლია პაციენტი კოვიდდადასტურების გარეშე წაიყვანოს კლინიკაში. ისევ ერთი და იგივე პასუხი - დარეკეთ 112-ში, დაგიკავშირდებათ ოჯახის ექიმი, ის გადაწყვეტს ტესტირების საკითხს, - აღარ არის ამის დრო, ყველა ჰოსპიტალში პაციენტის მისვლისთანავე უნდა იყოს სწრაფი ტესტირების საშუალება.
ყველა კლინიკა უნდა ჩაერთოს და თუ სადმე, რომელიმე კერძო კლინიკაში ერთი საწოლი მაინც არის და ვინმე ამ საწოლზე ვერ წვება, ვფიქრობ, უმკაცრესი ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ. რეალურად 1 თვე ვართ კრიტიკულ სიტუაციაში, ყველამ გახსნას კლინიკის კარი, ეს იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთის, მიმღებ განყოფილებაში იყოს სწრაფი ტესტის შესაძლებლობა და ეს განტვირთავდა ძალიან სიტუაციას.
მხოლოდ ნოემბერში გვყავდა თითქმის 96 ათასი ახალი დადასტურებული შემთხვევა და თითქმის 800 გარდაცვლილი. ნოემბერი არის კატასტროფული თვე და ღმერთმა ქნას დეკემბრის მეორე ნახევარში მაინც გამოჩნდეს სტაბილიზაციის ნიშნები. სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მაღალია, მილიონ ადამიანზე 8 კაცის გარდაცვალება, რომელიც იყო პროგნოზირებადი, ამასაც კი გავცდით, რეალურად უკვე 40-ს გადასცდა საქართველოში საშუალო სიკვდილობის მაჩვენებელი. ძალიან მძიმე და კრიტიკული სიტუაციაა,“-განაცხადა კულუმბეგოვმა.