ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თამარ ჟვანიას 2020 წლის 28 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წინა წლის შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე - 113 697 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექტორობისას ჟვანიამ შემოსავლის სახით, ორი თვის პერიოდში 1 617 ლარი მიიღო.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას თუ რა შემოსავალს იღებს და როგორია თამარ ჟვანიას ფინანსური მდგომარეობა.
რაც შეეხება მის საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ჟვანია ფლობს 148,99 კვადრატული მეტრი ფართობისა და 61,1 კვ. მეტრის ბინებს თბილისში, რომლებიც 2019 წელს შესაბამისად, 117 000 დოლარად და 44 000 დოლარად შეიძინა.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 27 412 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 11 500 დოლარი ჰქონდა.
თამარ ჟვანიას ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ფლობს 200 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დუშეთში, ასევე ამავე მისამართზე მდებარე 600 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Lexus GX. ამასთან, ჟვანიას მეუღლეს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 1 273 ლარი ჰქონდა. ხოლო მისმა შემოსავალმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED-ში - 17 636 ლარი შეადგინა. მანვე მშობლისგან საჩუქრად გასულ წელს 11 000 დოლარი მიიღო.