როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც აქვს კორონავირუსის სიმპტომები და  სახლში მკურნალობს

ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა და გამოაქვეყნა პროტოკოლი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელიც ეჭვობს, რომ აქვს კორონავირუსი და იმყოფება და მკურნალობს სახლში.

პირველ რიგში რესპირაციული, ან სხვა სიმპტომების მქონე პირი უნდა დაუკავშირდეს ექიმს. კერძოდ,

  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი უნდა დაუკავშირდეს: საკუთარ ოჯახის ექიმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიის მიმწოდებელ დაწესებულებას
  • სადაზღვევო სქემაში ჩართული პირი უნდა დაუკავშირდეს: სადაზღვევო კომპანიას/ სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმს.
  • პირი, რომელიც არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არ არის რეგისტრირებული არცერთ პჯ დაწესებულებაში, უნდა დაუკავშირდეს: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (1505); 112-ში ზარის განხორციელების შემთხვევაში, 112 გადაამისამართებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505).
  • პირი, რომელიც არ არის არც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული, უნდა დაუკავშირდეს: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (1505); 112-ში ზარის განხორციელების შემთხვევაში, 112 გადაამისამართებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505).
  • ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რესპირაციული ან სხვა სიმპტომების მქონე პაციენტმა არ იცის ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია, უნდა დაუკავშირდეს: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (1505) ან მოიძიოს ინფორმაცია პორტალზე: http://ambulatoria.moh.gov.ge/

თავის მხრივ კი კლინიკა უზრუნველყოფს სიმპტომიანი პაციენტების მართვას: ყოველდღიურ რეჟიმში, 18 სთ-მდე; არასამუშაო საათებში პაციენტის მიერ განხორციელებულ ზარს უპასუხებს მორიგე რეგისტრატორი/ოპერატორი, ან ჩაიწერს ავტომოპასუხე, ხოლო ექიმის მიერ მეთვალყურეობა განხორციელდება მეორე დღეს.

რაც შეეხება კლინიკის ვალდებულებებს, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია:

  • სატელეფონო კონსულტაცია განახორციელოს დღის განმავლობაში, იმ დღეს და წინა დღის 6 სთ-დან დილამდე ავტომოპასუხეზე შემოსულ ზარებზე;
  • სატელეფონო კონსულტაცია განახორციელოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პროტოკოლის მიხედვით;
  • ყველა სატელეფონო კონსულტაციის დროს ხაზგასმით აღინიშნოს თვითიზოლაციის წესების მკაცრი დაცვისა და სახლში დარჩენის აუცილებლობა;
  • ყველა სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ ინფორმაცია ასახოს სამედიცინო დოკუმენტაციაში (ამბულატორიული ბარათი). სამედიცინო დოკუმენტაციაში უნდა აისახოს ასევე, კონსულტაციის რომელიმე ეტაპზე ექიმის გადაწყვეტილება, რომ პაციენტი აღარ საჭიროებს მეთვალყურეობას;
  • თუ სატელეფონო კომუნიკაციის შეთხვევაში გამოიკვეთება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ჩართულობის საჭიროება, სატელეფონო ზარის საშუალებით შეატყობინოს 112-ის ოპერატორს (ოჯახის ექიმებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ნომერზე) პაციენტის სახელი, გვარი, მისამართი და ასევე, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის საჭიროების მიზეზი, რომლის საფუძველზე 112 უზრუნველყოფს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ჩართულობას.

თაია არდოტელი