50 000-ლარიანი ჯარიმა წესის დარღვევისთვის - რა უნდა გაითვალისწინონ ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში ჩართულმა სუბიექტებმა

იმ შემთხვევაში, თუ ფქვილის სუბსიდირების ბენეფიციარი ერთ ტომარას 53 ლარზე ძვირად გაყიდის, 50,000 ლარით დაჯარიმდება - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის დასაწყებად გამოცემულ სპეციალურ დადგენილებაში. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში პურსის ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყოველთვიურად 10,000 ტონამდე ხორბლის სუბსიდირება მოხდება, რაზეც თვეში 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ხორბლის ფქვილის სუბსიდირება 2020 წლის 1 დეკემბერი - 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იმოქმედებს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კი ხორბლისა და ფქვილის ბაზრის მოთამაშეებმა ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ.

პროგრამის პირობები და შეზღუდვები ასეთია:

  • 1. პროგრამა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარ(ებ)ისათვის პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებას, შემდეგი პირობებით:
  • ა) სააგენტოს მიერ გამოცხადდება მოწვევა ინტერესთა გამოხატვის შესახებ, რომლის ფარგლებშიც პოტენციური ბენეფიციარები მოახდენენ განაცხადის გაკეთებას სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
  • ბ) სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არაუმეტეს 10 ლარს;
  • გ) პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად, ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია გაიცემა არანაკლებ 500 და არაუმეტეს 10 000 ტონა მოცულობის პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე;
  • დ) პოტენციური ბენეფიციარი დააფიქსირებს ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით მისაღები სუბსიდიის ოდენობასა და მოცულობას, რომლის რეალიზაციაც განხორციელდება პროგრამის ფარგლებში;
  • ე) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჯამში არაუმეტეს 10 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირება ყოველთვიურად;
  • ვ) სააგენტო, პროგრამის პირობების გათვალისწინებით, პოტენციურ ბენეფიციარ(ებ)თან სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმებას განახორციელებს შემდეგი პრინციპით: უპირველესად ხელშეკრულება გაფორმდება იმ პოტენციურ ბენეფიციართან, რომელსაც განაცხადში დაფიქსირებული ექნება სუბსიდიის უმცირესი თანხა ყოველ ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით. იმ შემთხვევაში, თუ უმცირესი თანხით შეთავაზებული მოცულობა ვერ აკმაყოფილებს პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მოცულობას, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი უმცირესი ფასის მქონე პოტენციურ ბენეფიციართან და გაგრძელდება ამავე პრინციპით, სანამ არ იქნება შევსებული პროგრამით განსაზღვრული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მოცულობა;
  • ზ) ეთხოვოს საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, სააგენტოს მიაწოდოს პურის მწარმოებელთა სია, რომელთა თანხმობის საფუძველზეც სააგენტო შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას პურის მწარმოებელთა შესახებ, რომლებსაც დადგენილების ამოქმედებიდან უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით, შესყიდული აქვთ არანაკლებ 120 ტონა ფქვილისა;
  • თ) პროგრამის ბენეფიციარი სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაციას განახორციელებს მხოლოდ ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პურის მწარმოებელზე/მწარმოებლებზე.

დადგენილების მიხედვით, „ბენეფიციარი ვალდებულია, ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად, პროგრამის პირობებისა და სუბსიდირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრება მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 50 000 ლარისა“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

ამასთან, მთავრობის დადგენილებით, კომპანიების მიერ ფქვილის რეალიზაციის პროცესს შემოსავლების სამსახური გააკონტროლებს.