აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2018-2019 წლებში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი დანამატი გასცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2018-2019 წლებში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი დანამატი გასცა.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018-2019 წლებში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ბრძანებით თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატმა 526,038 ლარი შეადგინა, თუმცა უწყებამ დოკუმენტურად ვერ დაასაბუთა დანამატის გაცემის საფუძველი.

“დანამატის საფუძვლად წარმოდგენილ იქნა მოხსენებითი ბარათები, რომლებიც, ისევე როგორც ბრძანებები, იყო ზოგადი ხასიათის და არ შეიცავდა ინფორმაციას, თუ რა კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის გაიცა დანამატი. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა რაიმე დოკუმენტი, რომელიც გაცემულ დანამატს დაასაბუთებდა”, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან, აუდიტის სამსახური მიუთითებს თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვის ნაკლოვანებებზეც. კერძოდ, 2018-2019 წლებში ბიუროს ადმინისტრაცია არ აწარმოებდა სამუშაო დროის გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების ტაბელს. შედეგად, არ ხდებოდა თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო დროის ზუსტი აღრიცხვა.