კოვიდპანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის დროს სწორად დათვლილი და მიზნობრივად გაწერილი სახელმწიფო ბიუჯეტი ის დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის გადარჩენის მთავარი წინა პირობა უნდა გახდეს.
ამ დოკუმენტით მოგვიწევს ცხოვრება მომავალი წლის განმავლობაში, მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადავიტანთ მომავალ მძიმე წელიწადს. ამავე ბიუჯეტზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველოსთვის მომდევნო წლები და რამდენად სწრაფად შეძლებს ეკონომიკა აღდგენას პოსტკრიზისულ პერიოდში. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა და განხილვას ელოდება. ხელისუფლება ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და მისი ძირითადი მიზნებია პანდემიასთან ბრძოლა, სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის და მიზნობრივი - ბიზნესისთვის. ეკონომისტების ნაწილს კი შენიშვნები აქვს და მიაჩნია, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს, განსაკუთრებით კი საგარეო ვალის სიდიდე და კრიტიკულ ზღვარს გადაცდენა აშფოთებს.
18 მილიარდიდან 13 სამინისტროების ხარჯებია
ბიუჯეტის პროექტიდან ვიგებთ, რომ მთავრობა 18 მილიარდ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს. პროექტის საბოლოო ვერსიით, წინა ვერსიასთან შედარებით, ხარჯები 1,3 მლრდ ლარით არის გაზრდილი. ანტიკრიზისული გეგმით 1,4 მლრდ ლარი, ძირითადად, ჯანდაცვის ხარჯებს, მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარებას მოხმარდება. კერძოდ, ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 450 მლნ ლარი, მათ შორის 400 მლნ ჯანდაცვის სამინისტროს, ხოლო 50 მლნ ეკონომიკის სამინისტროს ხარჯებშია გათვალისწინებული. ჯანდაცვის ხარჯებში შედის როგორც დაავადებულთა მკურნალობის, ასევე ტესტების, ვაქცინის შესყიდვასა და გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები. მოქალაქეების სოციალური დახმარებისთვის გათვალისწინებულია 540 მლნ ლარამდე. თანხა მოხმარდება კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას, ასევე 200 და 300-ლარიანი კომპენსაციების გაცემას. ბიზნესის ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია 430 მლნ ლარი. აქვე ნათქვამია, რომ საშემოსავლო გადასახადის შეღავათი დეკემბერ-იანვარში 260 მლნ ლარი იქნება, ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადის შეღავათი - 45 მლნ ლარი; სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად იპოთეკური სესხების სუბსიდირება - 35 მლნ; მცირე მეწარმეების საგრანტო დახმარება - 35 მლნ; საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 50 მლნ ლარი. გაგრძელდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნება. მოსალოდნელია, რომ დაბრუნდება 1 მლრდ ლარზე მეტი.
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში 18 მილიარდი ლარიდან 13 მილიარდი სამინისტროების ხარჯებზე მოდის. მცირდება მხოლოდ ორი უწყების: ეკონომიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 5,5 მლრდ ლარია (2020 წლის დამტკიცებულ გეგმაზე 48 მლნ ლარით მეტი). რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2,4 მლრდ ლარით (+551 მლნ). განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1,8 მლრდ ლარს (+263) შეადგენს. თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 900 მლნ ლარი (+95 მლნ), შს სამინისტროსთვის - 790 მლნ ლარი (+30 მლნ); ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 469 მლნ ლარი, ანუ უწყების ბიუჯეტი 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან (+822 მლნ ლარი) შედარებით თითქმის განახევრებულია.
2021 წლის ბიუჯეტით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 463 მლნ ლარს შეადგენს, რაც 13 მილიონი ლარით ნაკლებია 2020 წლის გეგმაზე. იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 246 მლნ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 174 მლნ, ხოლო ფინანსთა სამინისტროსთვის - 88,9 მლნ ლარი.
გიორგი ცუცქირიძე, ეკონომიკის ექსპერტი: "ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს კანონით დადგენილ ვადაში წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია. ყველა პარამეტრი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ). მისიასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება ძირითად პარამეტრებზეც, რაც ითვალისწინებს სსფ-ის მიერ საქართველოსთვის დამატებით დაახლოებით 112 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას. რაც შეეხება ბიუჯეტში ასახულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, თუ მეორე კვარტალში კლებამ შეადგინა 12,3%, მესამე კვარტალში მხოლოდ 3,8% იყო, ხოლო სექტემბერში კლებამ 1%-ზე ნაკლები შეადგინა.
28 ნოემბრიდან სხვადასხვა საქმიანობის შეზღუდვას უარყოფითი გავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე. შესაბამისად, 2020 წელს მოსალოდნელია მშპ-ის კლება დაახლოებით 5%-ით. ამასთან, პროგნოზის მიხედვით, 2021 წლისთვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4,3%-ის ფარგლებში, საშუალოვადიან პერიოდში კი საშუალოდ 5,5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში. მსგავსი გადაფასება ევროპის ბევრ ქვეყანაში გაკეთდა.
მართალია, 2021 წელს შენარჩუნებულია მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი (სსფ-ის მეთოდოლოგიით, დეფიციტი შეადგენს 7,6%-ს), მაგრამ 2023 წლისთვის გათვალისწინებულია 3%-იან საკანონმდებლო პარამეტრების ნიშნულზე დაბრუნება. რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, სამთავრობო ვალის მოცულობას, 2021 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60,1%-ით, თუმცა უკვე 2024 წლისთვის მშპ-ის 57,6% იქნება.2021 წლისთვის მიმდინარე ხარჯები შეადგენს მშპ-ს 25,1%-ს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში შემცირდება 22,2%-მდე. მიმდინარე ხარჯებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფო პენსიის ინდექსირებით ზრდა, ასევე საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების დაგეგმილი ზრდა.
პანდემიის ახალი შემოტევისას, ბიუჯეტის განხილვის პროცესში, პოლიტიკური ძალების აქტიური ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომაც მოუწოდებენ ოპოზიციას საერთაშორისო აქტორები ბოიკოტირების რეჟიმის შეწყვეტისკენ. რაც უფრო დროულად გადავა ქვეყანა ბოიკოტირების რეჟიმიდან საპარლამენტო თანამშრომლობის რეჟიმში, მოგებული უპირველესად მოსახლეობა დარჩება და ოპოზიციას, ყოველ შემთხვევაში, მის ნაწილს, სწორედ ეს უნდა ესმოდეს".
საგარეო ვალი 27-დან 33 მილიარდამდე იზრდება
საქართველოს ვალი უკვე აჭარბებს 27 მილიარდ ლარს, მომავალი წლის ბოლოსთვის კი 33 მილიარდზე მეტი იქნება. საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და, ძირითადად, გრძელვადიანი სესხებისგან შედგება. კონტრაქტების ვადა საშუალოდ 21 წელიწადია, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო წლიური განაკვეთი - 1,42%. მთავრობა აიღებს საგარეო ვალს, საშინაო ვალდებულებების ზრდა დაგეგმილი არ არის. 2021 წელს საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვას 3,1 მლრდ ლარი დასჭირდება, საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება-დაფარვისთვის კი 570 მლნ ლარია გათვალისწინებული. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60,1%-ის ოდენობით.
მიუხედავად ამისა, მთავრობას მიაჩნია, რომ ეკონომიკაში 2021 წლის მეორე ნახევარში გაჯანსაღების პროცესი გააქტიურდება. ინფლაციის მაჩვენებელი 2020 წლისთვის მოსალოდნელია 3,5%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებულია მიზნობრივი 3%. ფინანსთა სამინისტროში ელოდებიან, რომ ნომინალური მშპ-ის მოცულობა 53,4 მლრდ ლარს მიაღწევს, 2024 წლისთვის კი პროგნოზირებულია მისი გაზრდა 68,6 მლრდ ლარამდე.
აკაკი ცომაია, ეკონომიკის ექსპერტი: "როცა ქვეყნის ვალი კრიტიკულ დონეს აღწევს, საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამას მაღალი რისკის შემცველად აფასებს, რადგან ასეთ ვითარებაში ქვეყანა შესაძლოა დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს. ასეთი დიდი ვალის მქონე ქვეყანა მაღალი რისკის ქვეყნების კატეგორიაში გადადის, საერთაშორისო ინვესტორები აღარ აძლევენ დამატებით კრედიტს და თუ მაინც გაიცემა სესხები, კაბალური პირობებითა და მაღალი საპროცენტო განაკვეთით. დეფოლტის რისკის წინაშე დადგომა ქვეყნისთვის კატასტროფაა. საქართველოს ვითარება კრიტიკულია, რადგან ვალის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს აჭარბებს. იმ ფონზე, როცა ლარი შეიძლება კიდევ გაუფასურდეს, უფრო გაიზრდება ქვეყნისთვის ვალის ტვირთი. აუდიტის დასკვნას შეგახსენებთ, რომ ლარის გაუფასურების გამო წლეულს 8 თვეში ვალი დაახლოებით 1,8 მლრდ ლარით გაიზარდა.
ძნელია თქმა, რამდენი პროცენტით გაიზრდება ეკონომიკა მომავალ წელს. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, როდის გამოცოცხლდება ტურიზმი და აღდგება პანდემიამდელი აქტივობა. მანამდე მსჯელობა, რომ ეკონომიკა 4,3%-ით გაიზრდება, ვფიქრობ, არარეალურია. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი წელიწადი, მაშინ შეიძლებოდა ასეთი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ როცა რისკი და გაურკვევლობა ძალიან დიდია, მსგავსი პროგნოზის გაკეთება არასწორია".
იზრდება პენსია, პარლამენტის დაფინანსება და ხელფასები საჯარო სექტორში
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში გათვალისწინებულია პენსიების ზრდა მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით გაიზრდება და 240 ლარი იქნება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და 275 ლარს შეადგენს. იზრდება საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიც 4 მილიონი ლარით და ჯამში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების საბიუჯეტო დაფინანსება 64,7 მილიონ ლარს შეადგენს. 2021 წელს არ იცვლება პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება (6,3 მლნ), აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსება (25 მლნ). ცესკოს 2021 წლის ბიუჯეტი 70,3 მილიონი ლარია, 2,3 მილიონი ლარით ნაკლები წინა წელიწადზე. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაფინანსება 69,2 მილიონ ლარი იქნება, ნახევარი მილიონი ლარით მეტი. ნახევარი მილიონი ლარით, 16 მილიონ ლარამდე, იზრდება მთავრობის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება. 60 მილიონი ლარით გაიზრდება საჯარო სექტორში მომუშავეთა შრომის ანაზღაურება და 1,6 მლრდ ლარს მიაღწევს. გათვალისწინებულია საჯარო სექტორში დასაქმებულების რაოდენობის ზრდა 356-ით (დაახლოებით 112 570 კაცი).
ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საჯარო სექტორის ანაზღაურების საერთო ზრდა განპირობებულია 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების უკვე სრული წლის დაფინანსებით. 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი 100 ლარით გაიზრდება.
ზვიად ხორგუაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი: "გაისად ეკონომიკის ზრდა უფრო ნაკლები იქნება, რადგან 2021 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ახლანდელი ლოკდაუნის შედეგები, ისევე როგორც ბიუჯეტის წინა ვერსიაში არ იყო გათვალისწინებული სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი. 4,3%-იანი ზრდა ძალიან ოპტიმისტური გათვლაა. თუ ჩაკეტვა-შეზღუდვებს გავითვალისწინებთ, დიდია ალბათობა, რომ ეკონომიკური ზრდა გაცილებით ნაკლები იყოს. ძნელი სათქმელია, რა იქნება ორი თვის შემდეგ, გამოიყენებენ თუ არა თებერვალშიც სხვადასხვა სახის შეზღუდვებს, მაგრამ ვხედავთ, რომ არც გადასახადებს ამცირებენ, არც რეგულაციებს და არც საბიუჯეტო ხარჯებს კვეცენ. ამასთან, უფრო მეტ ვალს იღებენ და ისიც ვიცით, რომ საკმაოდ მაღალი იქნება ინფლაციის მაჩვენებელი.
საგარეო ვალის გაზრდა ისევ მოქალაქეებს დააწვება ტვირთად. 2021 წელს ვალის მომსახურებაში დაახლოებით 3,5 მილიარდი ლარის გადახდა გვიწევს ბიუჯეტიდან, დაახლოებით ბიუჯეტის მესამედის. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქის მიერ გადასახადებში გადახდილი ყოველი 100 ლარიდან დაახლოებით 30 ლარი ვალის მომსახურებაში მიდის. აქამდე აღებული ვალები უკვე დავხარჯეთ და რა შედეგი გვაქვს? დიდი ვალის პრობლემა ისიც არის, რომ ქვეყნის რისკი იზრდება, შემდეგი ვალები შესაძლოა უფრო მაღალ პროცენტში მოგვცენ ან არც გამოყონ. როცა ვალი იზრდება, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი მცირდება, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის ნაკლებად მიმზიდველია.
2021 წლის ბიუჯეტში არ არის შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები. ინფრასტრუქტურული ხარჯები ამ ბიუჯეტშიც გაბერილია, საჯარო სამსახურებში კვლავ იზრდება შრომის ანაზღაურება და სახელმწიფო შესყიდვებისთვის გათვალისწინებული ხარჯები. ისევ ვაფინანსებთ ბიუჯეტიდან უამრავ არააუცილებელ და რაც მთავარია, არაეფექტურ პროექტს... მოკლედ არ ჩანს, რომ მოსახლეობასავით ქამრების შემოჭერას ხელისუფლებაც აპირებს".
წყარო: „კვირის პალიტრა"