შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 18 წლამდე ასაკის პირისთვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა და გამოაქვეყნა.
დადგენილების თანახმად, არასრულწლოვნისათვის მძიმე სამუშაოდ ითვლება სამუშაო პროცესი, რომელიც ხასიათდება ფიზიკური და დინამიკური დატვირთვით, ასაწევი და გადასაადგილებელი ტვირთის მასით, სტერეოტიპული სამუშაო მოძრაობების საერთო რაოდენობით, სტატიკური დატვირთვის სიდიდით, სამუშაო პოზის ფორმით, სხეულის დახრის ხარისხით და სივრცეში გადაადგილებით.
მავნე სამუშაოდ ითვლება საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომლის ადამიანზე ზემოქმედებას გარკვეულ პირობებში (ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვ.) შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, შრომისუნარიანობის დროებითი ან მუდმივი დაქვეითება, გაზარდოს სომატური და ინფექციური დაავადებების სიხშირე და საფრთხე შეუქმნას შთამომავლობის ჯანმრთელობას.
საშიშპირობებიან სამუშაოდ ითვლება საწარმოო გარემო ან/და სამუშაო პროცესი, რომელიც შეიძლება გახდეს მწვავე დაავადების, ადამიანის ჯანმრთელობის უეცარი, მკვეთრი გაუარესების ან გარდაცვალების მიზეზი. ამასთან, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, არასრულწლოვნისათვის მსუბუქი სამუშაო ნიშნავს ყველანაირ სამუშაოს გარდა წარმოებაში მუშაობისა, რომელიც დავალებების ხასიათის და პირობების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, საფრთხეს არ შეუქმნის არასრულწლოვანთა უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას ან განვითარებას, არ შეაფერხებს მათ განათლებას, სკოლაში დასწრებას, კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული პროფესიული მომზადების ან/და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას.
შესაბამისად, უწყების დადგენილებით, არასრულწლოვანი არ უნდა იყოს დასაქმებული ისეთ სამუშაო ადგილზე/სამუშაო სივრცეში, რომელიც მოიცავს სამუშაო გარემოში მათ შორის შემდეგი საქმიანობების განხორციელებას:
- კონვეიერზე მუშაობა იძულებითი რიტმით, მონოტონური სამუშაოები და სამუშაოები თანმხლები ნერვულ-ემოციური დაძაბულობით;
- იმ სამუშაოზე, რომელთა მუშაობის ტემპი განისაზღვრება ავტომატურად, მანქანა-დანადგარის მეშვეობით და დამოკიდებულია შედეგებით განსაზღვრულ ანაზღაურებაზე;
- მუშაობა 5 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან ან იატაკიდან;
- მიწის ზედაპირიდან ან იატაკიდან 2-დან 5 მეტრამდე სიმაღლეზე სამუშაოების ჩატარება დასაშვებია დამსაქმებლის ან კომპეტენტური ზრდასრული თანამშრომლის მეთვალყურეობის ქვეშ და სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ან დამჭერი მოწყობილობების გამოყენებით;
- ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის აწევა და გადატანა. თუ სამუშაო პირობები არახელსაყრელია ფიზიკურ პოზასთან მიმართებაში (იძულებითი ან მოხრილი მდგომარეობა), აუცილებელია ტვირთს წონის შემცირება;
- მყარ (საბადოები), თხევად (ნავთობი) ან აიროვან (ბუნებრივი აირი) მდგომარეობაში მყოფი ბუნებრივი მინერალების მოპოვებასთან დაკავშირებული სამთო და გადამამუშავებელი სამუშაოები;
- მძიმე და მიწისქვეშა შრომით აქტივობებთან დაკავშირებული სამუშაოები;
- ზოგადი და სპეციალიზებული ნაგებობების (მაგალითად, საცხოვრებელი სახლები, ოფისები და ფერმები, მაღაზიები, მაგისტრალები, ქუჩები, ხიდები, გვირაბები, რკინიგზა, აეროდრომები, ნავსადგურები და სხვა ობიექტები) მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები;
- სხვადასხვა ობიექტების და ნაგებობების დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოები;
- ინფრაწითელი გამოსხივების ზემოქმედებასთან დაკავშირებული სამუშაოები;
- მგზავრთა და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული სამუშაოები;
- სამრეწველო კერამიკის და მინის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები, ტყვიის შემცველი ნაერთების გამოყენებით;
- ცელულოზასთან, ქაღალდსა და მათ წარმოებულებთან დაკავშირებული სამუშაოები;
- ბეჭდვასთან დაკავშირებული სამუშაოები ტყვიის შემცველი ნაერთების გამოყენებით;
- რეზინის და პლასტმასის პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები;
- სამუშაოები საზოგადოებრივ ტუალეტებში;
- აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული სამუშაოები;
- ცხოველებისა და შინაური ფრინველების სასაკლაოსთან დაკავშირებული სამუშაოები;
- მიუსაფარი ცხოველების დაჭერასთან და სხვა მასთან დაკავშირებული სამუშაოები;
- მოძრავი ობიექტებიდან შესაძლო ვარდნასთან დაკავშირებული სამუშაოები;
- სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული სამუშაოები (ხეების ჭრა, გაშლა, დაშლა, დატვირთვა და გადმოტვირთვა), შეშის ხერხვა და დაჭრა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოზარდს აქვს შესაბამისი სპეციალობა და კვალიფიკაცია.
არასრულწლოვნისთვის საშიშ სამუშაოთა სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: 18 წლამდე ასაკის პირისთვის (არასრულწლოვანი) აკრძალული სამუშაოები