ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კერძო ბიზნესი „კოვაქს პლატფორმის” საშუალებით კორონავირუსის ვაქცინას ვერ შეიძენს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, განსაზღვრულია ფასი და რაოდენობა, რომლის მიხედვითაც მოხდება კორონავირუსის ვაქცინის გადანაწილება.
„კოვაქს პლატფორმით” კერძო ბიზნესი ვერ შეიძენს ვაქცინას, ვინაიდან ეს არის სახელმწიფოებრივი მოლაპარაკება, აქ განსაზღვრულია ფასი, რომლითაც ჩვენ გვეძლევა საშუალება საკმაოდ დაბალ ფასად შევიძინოთ ვაქცინა. ასევე განსაზღვრულია წილობრივად ყველა ქვეყანაზე, თუ რა ვაქცინის მოცულობის შეძენის საშუალება გვექნება. ეს აძლევს საქართველოს უპირატესობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს საქართველოში ვაქცინის შემოტანა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“,-განაცხადა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძე დასძენს, რომ სახელმწიფოს მზად აქვს იურიდიული კომპონენტები იმისთვის, რომ მოხდეს კორონავირუსის ვაქცინის საქართველოში შემოტანა.
„ვაქცინის პირველ ნაკადზე ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე და იმაზე, თუ რა მოცულობის იქნება ვაქცინის წარმოება. როგორც კი გაჩნდება პირველი ვაქცინა ხელმისაწვდომი, ჩვენ მზად გვაქვს ყველა იურიდიული კომპონენტი იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის საქართველოში შემოტანა“,-განაცხადა ტიკარაძემ.