საქართველოში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 13,7% იღებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-7 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია.
ამასთან, რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს, სადაც შემწეობას მოსახლეობის თითქმის ნახევარი (43%) იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 8,3% იღებს.
2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას საქართველოს მასშტაბით 510 343 ადამიანი (142 870 ოჯახი) იღებს, რაც მთლიანი მოსახლეობის 13.7%-ს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 3 716 858 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
"ბიზნესპრესნიუსმა" სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა.
ამის შედეგად გამოჩნდა, რომ ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, სადაც 29 080 ადამიანი ცხოვრობს, აქედან საარსებო შემწეობას 13 673 ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 43%- ს შეადგენს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთს მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც მოსახლეობა 311 113 ადამიანია, აქედან შემწეობას კი 64 168 ადამიანი (19,4%) იღებს.
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობით, შემდეგია გურია. კერძოდ, აქ მოსახლეობა 108 099 ადამიანს შეადგენს, საიდანაც სოციალურ დახმარებას 21 548 ადამიანი (19,1%) იღებს.
შიდა ქართლში, სადაც 255.124 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას 47 359 ადამიანი იღებს, რაც რეგიონის მოსახლეობის 17,9%-ია.
შიდა ქართლის შემდეგ შემწეობას ყველაზე მეტი ადამიანი მცხეთა-მთიანეთში იღებს. აქ სულ 93.343 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას კი 16,5% (15 595 ადამიანი) იღებს.
მცხეთა- მთიანეთს მცირედით ჩამორჩება კახეთის რეგიონი, სადაც სოციალურ შემწეობას მოსახლეობის 16,3% იღებს. რეგიონში სულ 310.051 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას კი 52 071 ადამიანი იღებს.
აჭარაში 351.892 ადამიანი ცხოვრობს, აქედან სოციალურ შემწეობას 15,1% (50 732 ადამიანი) იღებს. ქვემო ქართლში კი 434.241 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც სოციალურ შემწეობას 13,6% (57 647 ადამიანი) იღებს.
სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობით, შემდეგია იმერეთი. რეგიონში სულ 486.983 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 12,4% (66 317 ადამიანი) კი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
რაც შეეხება რეგიონებს, სადაც სოციალურ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია, ესენია სამცხე-ჯავახეთი და თბილისი.
პროცენტულად ყველაზე ცოტა ადამიანი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, სამცხე-ჯავახეთშია. ამ რეგიონში 152.114 ადამიანიდან შემწეობას მხოლოდ 13,256 ადამიანი იღებს, ეს კი რეგიონის მოსახლეობის 8,3%-ია.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში სულ 1 184 818 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 107 977 ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას, რაც თბილისის მოსახლეობის 9,7%-ს შეადგენს.
რეგიონები, სადაც ყველაზე მეტი ღარიბი ადამიანი ცხოვრობსInfogram