ჩვენ ტენდერებს პოლიტიკური ნიშნით არ ვატარებთ და არც ჩავატარებთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა პოლონეთის ელჩის წუხილს იმის თაობაზე, რომ საქართველოში ევროკავშირის ფულით ჩინური კომპანიები ფინანსდებიან.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ტენდერებში საუკეთესო შეთავაზების მქონე კომპანია იმარჯვებს და საქართველო არ ხელმძღვანელობს იმის მიხედვით, რომელი ქვეყნიდანაა კომპანია. მისივე თქმით, ტენდერების ჩატარების პროცესი გამჭვირვალეა და დონორი ორგანიზაციების სტანდარტების მიხედვით ხორციელდება.
„როდესაც საუბარია ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და სხვა ისეთი პროექტები, რომელიც დონორის ფულით ფინანსდება, არის არა მხოლოდ ევროკაშირის ფული, არამედ აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ყველა იმ პარტნიორის ფული, რომლითაც ეს საერთო ნაციონალური პროექტები ხორციელდება. ძალიან გამჭვირვალედ და ზუსტად გაწერილი პროცესია, როგორ უნდა მოხდეს ტენდერი, ეს ტენდერები ხდება იმ წესებით და სტანდარტებით, რომელსაც დონორი ორგანიზაციები ითხოვენ. შესაბამისად, ტენდერის ჩატარების შედეგად იგებს ის კომპანია, რომელმაც საუკეთესო შეთავაზება გააკეთა. თუ ეს არის ჩინური კომპანია, რატომაც არა? თუ პოლონური კომპანია იქნება საუკეთესო, დამერწმუნეთ, ტენდერში ისიც გაიმარჯვებს. შესაბამისად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, იმ სტანდარტებით, რომელიც სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათი წესებით და მათი მონიტორინგის ქვეშ ხდება ტენდერები და იმარჯვებენ ის კომპანიები, რომლებიც საუკეთესოები არიან. არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდანაა, ჩვენ არ ვხემძღვანელობთ, ვხემძღვანელობთ მხოლოდ საუკეთესო შეთავაზებით“,- განაცხადა მაჭავარიანმა.