დარწმუნებული ვარ, რომ არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და არც ერთი სახელმწიფო უწყება დაუსაბუთებელ პრემიას არ გასცემს, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს ეხებოდა.
მისივე თქმით, არანაირი კომეპნსაციები, რომელსაც საფუძველი არ აქვს, არცერთ უწყებაში არ გაიცემა.
„თუ რაღაც დოკუმენტაცია არის შესაბამისად მოსაწესრიგებელი ან რაღაც სხვა ტიპის ბაზაა შესაქმნელი, ეს სხვა საკითხია. ეს ფორმის საკითხი შეიძლება იყოს. ხშირად არის როცა აუდიტის სამსახური რაღაც საკითხებზე კრიტიკულ აზრს გამოთქვამს ხოლმე, მათ შორის ფინანსთა სამინისტროზე. ეს არის მათი ფუნქცია, სწორია, მაგრამ შინაარსობრივად არ მგონია, რომ უსაფუძვლო დანამატი ყოფილიყო", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2018-2019 წლებში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუსაბუთებელი დანამატი გასცა. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018-2019 წლებში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ბრძანებით თანამშრომლებზე გაცემულმა დანამატმა 526,038 ლარი შეადგინა, თუმცა უწყებამ დოკუმენტურად ვერ დაასაბუთა დანამატის გაცემის საფუძველი.