ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული ობიექტებიდან საქმიანობა 5 792 შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის შემოწმებული ობიექტებიდან საქმიანობა 5 792 შეუჩერდა, 10 კი დაჯარიმდა.

როგორც ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 4-6 დეკემბრის პერიოდში 3 ობიექტი დაჯარიმდა.

„4-6 დეკემბრის მონაცემებით, 1 986 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 1900 მათგანს ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა წესების დაცვასთან დაკავშირებით, 3 ობიექტი დაჯარიმდა. ასევე უკვე შემოწმებული ობიექტების რემონიტორინგი განხორციელდა, თუ რამდენად ჰქონდათ მათ შეზღუდული ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც მთავრობის დადგენილებით დროებით შეჩერებულია. გადამოწმდა 3 036 ობიექტი და დადასტურდა, რომ მათ ნამდვილად შეაჩერეს ეკონომიკური საქმიანობა.

გარდა ამისა, ჯამში 322-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შემდეგ, შემოწმდა 24 518 ობიექტი და ჯამში 10 ობიექტია დაჯარიმებული, ხოლო 5 792 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა“,-განაცხადა ბექა ფერაძემ.