დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში, პირბადის ტარების მაჩვენებელი 55%-დან 65%-მდე გაიზარდა.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს კორონავირუსით ინფიცირება და ვირუსის გადაცემა, პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე უნდა ავიდეს.
„დღეს კიდევ 2 გზავნილს გთხოვთ. პირველი, მაქსიმალურად ვეცადოთ პირბადის ტარების ინტენსივობას. ტენდენცია კარგი გვაქვს, ბოლო 10 დღის განმავლობაში 55%-დან 65%-ზე ავედით, მაგრამ, სასურველია ეს იყოს 95%, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად შეამცირებს ახალ ინფიცირებულთა რაოდეობას და გადადების მაჩვენებელს. პოზიტივი ჩანს იმაში, რომ ე.წ. რეპლიკაციის მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია.
ამასთან ერთად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემზღუდავ ღონისძიებასთან ერთად ტესტირების გაფართოებას. ჩვენთვის სამიზნე არის 20 ათასი, 20 ათასზე თუ ავედით მუდმივად, მაშინ მეტი გაფართოების ახალი სამიზნე გვექნება. ამ ორი თვის განმავლობაში, დეკემბერ-იანვარში მაქსიმალურად უნდა გავაფართოვოთ ქვეყანში ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქებაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში დაწესებულმა შემზღუდავმა ღონისძიებებმა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა არ უნდა გამოიწვიოს, პირიქით, ინფიცირების მაჩვენებელი სტაბილიზაციისკენ უნდა წავიდეს.
„შემზღუდავი ღონისძიებების გათვალისწინებით, იმის მოლოდინი მაქვს, რომ დიდი ზრდა არ უნდა გვქონდეს ამ კვირის ბოლოს ანუ, გარკვეულად სტაბილიზაციისკენ უნდა წავიდეს ზრდის მაჩვენებელი. დღეს რეალურად გვაქვს შემცირება, მაგრამ ეს შემცირება არის იმის ხარჯზე, რომ 24 საათში 10 ათასამდე ტესტი გაკეთდა. როდესაც გამოვლენა გაიზრდება, ის გაიზრდება ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ხარჯზე. სწორედ მათი იზოლირება ბინაზე, თუ კოვიდსასტუმროებში, მოგვცემს გარკვეულად ამ ჯაჭვის შემსუბუქების საშუალებას“, -განაცხადა გამყრელიძემ.