„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” - ფოთის მერის ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ, სახელმწიფო შესყიდვებიდან 306 520 ლარი მიიღო

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას ბიზნესპარტნიორისა და მეგობრის რამაზ გუჯაბიძის წილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ - შპს „ხალიბმა” სახელმწიფო შესყიდვებიდან 2012 წლიდან დღემდე 306,520 ლარი მიიღო, - ამის შესახე ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს.

მათივე ცნობით, რამაზ გუჯაბიძე ათამდე კომპანიაში ფლობს წილს ან იკავებს დირექტორის თანამდებობას.

„მათგან ხუთ კომპანიაში იგი ფოთის მერის ბიზნესპარტნიორია: შპს “მეტალექს +” - 2.5% წილის მფლობელი და დირექტორი; შპს “მეტალექს ტრანსი” - 2.5% წილის მფლობელი და დირექტორი; შპს “მეტალექსი” - 2.5% წილის მფლობელი და დირექტორი; შპს “ფაზისი პლაზა” - 12.5% წილის მფლობელი; შპს “ნიუ ფრი” - 33% წილის მფლობელი.

აღსანიშნავია, რომ ფოთის მერის გოჩა კურდღელიასა და რამაზ გუჯაბიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობაზე კვლევა “საერთაშირისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მიმდინარე წლის მაისში გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ სწორედ ამ კომპანიების საქმიანობა იწვევს ქალაქ ფოთში ჯავახიშვილისა და მიმდებარე ქუჩებში ხმაურსა და ჰაერის დაბინძურებას, ხმაურს 24-საათიან რეჟიმში მოძრავი სატვირთო ავტომობილები იწვევს, დაბინძურებას კი - ტვირთის გადაზიდვისას ჰაერში გაფანტული მტვერი.

რამაზ გუჯაბიძის კომპანიებიდან სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულია შპს “ხალიბი”, რომლის 50% წილს ფლობს გუჯაბიძე. შპს “ხალიბმა” 2012 წლიდან 2020 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით 671 გამარტივებული შესყიდვა მიიღო, ჯამური ღირებულებით 301,998 ლარი, ერთხელ კი “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის” ტენდერი მოიგო, (განაცხადის ნომერი - NAT190000165), რომლის ფაქტობრივმა, საბოლოო ღირებულებამ 4,522 ლარი შეადგინა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, რამაზ გუჯაბიძე პარტიების შემწირველიც არის და ჯამში 183 000 ლარი აქვს შეწირული.

„გოჩა კურდღელია ფოთის მერი 2017 წლის ნოემბერში გახდა. სწორედ მისი მერად არჩევის შემდეგ გაიზარდა მნიშვნელოვნად ფოთის მუნიციპალური იურიდიული პირების მიერ შპს “ხალიბთან” გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების რაოდენობაც და თანხის ოდენობაც. 671 გამარტივებული შესყიდვიდან 373 შესყიდვა ფოთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებზე მოდის, რომელთა საერთო ღირებულებამ 156,196 ლარი შეადგინა.

რამაზ გუჯაბიძე ამავე დროს არის პარტიების შემწირველიც და ჯამში 183 000 ლარი აქვს შეწირული, მათ შორის: 2012 წელს - 15 000 ლარი “ნაციონალური მოძრაობისთვის”, 2016 წელს 60 000 ლარი, 2019 წელს - 48 000 ლარი, 2020 წელს 60 000 ლარი “ქართული ოცნებისთვის”.

რამაზ გუჯაბიძის გარდა, პარტიების მსხვილი შემწირველები არიან ფოთის მერი, გოჩა კურდღელია, ასევე კურდღელიას ბიზნესპარტნიორები და მასთან დაკავშირებული ცალკეული კომპანიების დირექტორები და მეწილეები. მათ (სულ 13 შემომწირველი) პოლიტიკურ სუბიექტებს ჯამში 1 528 050 ლარი შეწირეს, მათ შორის: “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წელს - 135 000 ლარი; პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს - 350 000 ლარი, “ქართულ ოცნებას” კი 2016-2020 წლებში - 1 043 050 ლარი. მხოლოდ 2020 წლის ივლის-სექტემბერში “ქართულ ოცნებას” მათ ჯამში 355 000 ლარი შესწირეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, შპს „ხალიბის” ჩართულობა ფოთის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების სახელმწიფო შესყიდვებში, ეჭვებს აჩენს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.