„ფასის ასეთ ზრდას მოგების შემცირებით ვაკომპენსირებთ“ – რამდენით გაძვირდება „ტკბილი ქვეყნის“ პროდუქცია იანვრიდან

გაზის გაძვირება, ფქვილსა და სხვა პროდუქტებზე ფასების მატება და ლარის გაუფასურება - სწორედ ამ ფაქტორებს ასახელებს იანვრიდან პროდუქციაზე ფასის მატების მიზეზად, საკონდიტრო ,,ტკბილი ქვეყნის“ კომერციული დირექტორი.

კახაბერ ყრუაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ იანვრიდან მათ პროდუქციაზე ფასი 3-4%-ით გაიზრდება.

,,ფასები მომატებულია აბსოლუტურად ყველაფერზე. ფქვილზე, შაქარზე და სხვა, ყველა ინგრედიენტზე. ამას დაემატება იანვრიდან გაზის ტარიფის ზრდა, რის შემდეგაც უკვე მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ პროდუქციაზე ფასი 3-4%-ით გაიზრდება. ეს არ არის რეალურად თვითღირებულების ზრდის პროპორციული, მაგრამ ვთვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ მდგომარებას და ვცდილობთ ვიყოთ ადეკვატურები. ვითვალისწინებთ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას. წმინდა ეკონომიკურად რომ დაგვეთვალა, ზრდა გაცილებით დიდი მასშტაბის იქნებოდა, ფასის ასეთ ზრდას მოგების შემცირებით ვაკომპენსირებთ“, - აცხადებს ყრუაშვილი.

მისივე თქმით, მოთხოვნა პანდემიის მიუხედავად შემცირებული არ არის.

,,მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა ამ დრომდე არ შემცირებულა. მაგრამ როგორი იქნება გაყიდვები ფასის ზრდის შემდეგ, ეს ნამდვილად გვაფიქრებს. მთელი წლის განმავლობაში, იზრდებოდა ფასი სხვადასხვა პროდუქტზე, მაგრამ ჩვენ არ ვზრდიდით ფასებს. სწორედ ამის ხარჯზე შევინარჩუნეთ ერთგული მომხმარებელი“- განაცხადა მან.

ცნობისთვის, იანვრიდან თბილისში კომერციულ აბონენტებს ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით, 86 თეთრიდან 1.1 ლარამდე გაეზრდებათ.

თამარ მუკბანიანი