კახა კალაძის განცხადებით, ლილოში ხანძრით დაზარალებულების დახმარების უფლება მერიას არ აქვს, რადგან პროდუქცია დაზღვეული არ იყო

ძალიან ცუდია, რომ დაზღვევა არ აქვთ - მერიას არ აქვს უფლება ამ ადამიანებს დაეხმაროს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ლილოს დასახლებაში სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძრით დაზარალებული მოქალაქეების დახმარების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, არაერთი მოწოდება იყო, რომ ყველას უნდა დაეზღვია საკუთარი პროდუქცია.

“ის, რომ დაზღვევა არ ჰქონდათ, ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ გაკეთდა მოწოდებები. ჩვენ სამწუხაროდ, გვქონდა ბევრი ასეთი ფაქტი, როდესაც ხანძარი გაჩნდა კონკრეტულ ტერიტორიებზე და მას შემდეგ არაერთი მოთხოვნა და მოწოდება იყო გაკეთებული, რომ მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან საკუთარი პროდუქტების დაზღვევა. ჩვენ არ გვაქვს მაგის უფლება, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანებს დავეხმაროთ”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ლილოს დასახლებაში, სასაწყობე ფართის ნაწილში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა, ხანძრის შედეგად 1000 კვ.მ. დაიწვა, სადაც ინახებოდა "პლასტმასები", ადვილად აალებადი ნივთები, საღებავები. მისივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.