ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის სტრეს-ტესტების მეთოდურ სახელმძღვანელოს აქვეყნებს

საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მის ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებსაც იყენებს.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხვადასხვა რისკის რეალიზების შემთხვევაში, სწორედ აღნიშნულმა მოთხოვნებმა უნდა უზრუნველყოს ზარალების შეწოვა და ბანკის მუშაობის გაგრძელება, როგორც ნორმალურ, ასევე სტრესულ პერიოდებში.

სტრესული პერიოდისთვის, საკმარისი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების (ე.წ. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი) დასაწესებლად, ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებული მხარეებისთვის სტრეს-ტესტების მეთოდური სახელმძღვანელო გამოაქვეყნა. მასში დეტალურად არის აღწერილი კაპიტალის მოთხოვნის განსაზღვრის მეთოდოლოგია, მათ შორის, გამოყენებული სცენარის, დაშვებების და თითოეული რისკის მიმართ მიდგომების გამჟღავნება.

"აღსანიშნავია, რომ წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი, სახელმძღვანელოში განსაზღვრული სცენარებისა და რისკ-ფაქტორების რეალიზების შემთხვევაში, დანაკარგების მიღების მიუხედავად, კომერციული ბანკის საზედამხედველო დეფოლტისაგან დაცვას უზრუნველყოფს.

წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის დაწესება, როგორც წესი, ნორმალური ეკონომიკური ციკლის პერიოდში ხდება და სტრესულ პერიოდში მცირდება, რათა თავიდან იქნას აცილებული კაპიტალის მიმართ პროციკლური მოთხოვნა. შესაბამისად, სახელმძღვანელოთი განსაზღვრული წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი დაწესდება მას შემდეგ, რაც ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ბანკებისთვის კაპიტალის იმ ბუფერების მოთხოვნების აღდგენა მოხდება, რომელიც, პანდემიის გამო, 2020 წლის მარტში შემცირდა.

სტრეს-ტესტების მეთოდურ სახელმძღვანელოზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მოცემულ სცენარებსა და დაშვებებზე დაყრდნობით კომერციული ბანკები უკვე მეორე წელია ატარებენ და ეროვნულ ბანკს წარუდგენენ სტრეს-ტესტების შედეგებს. ბანკებისაგან მიღებული შედეგებისა და კომენტარების გათვალისწინებით, სახელმძღვანელოს პრინციპები განახლდა და მან სრულყოფილი სახე მიიღო",-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტრეს-ტესტების მეთოდური სახელმძღვანელოს ნახვა შესაძლებელია ბმულზე: - https://www.nbg.gov.ge/uploads/stresstestebi/guideline_on_stress_testing_2020.pdf.