მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა დაეხმაროს ბიზნესს... ჩვენ თუ გავაკოტრეთ კერძო სექტორი, მის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება - გიორგი ქობულია

,,სწორი ნაბიჯების შემთხვევაში, ჩვენ 2019 წლის ეკონომიკურ მაჩვენებელს, 2023 წელს დავუბრუნდებით“, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვნია, რომ სახელმწიფო დაეხმაროს ბიზნესსა და მოსახლეობას, რათა პანდემიის დასრულებისას ქვეყანა არ იყოს აუნაზღაურებელი ზიანით.

,,უდავოა, რომ არსებული ვითარება უმძიმესი დარტყმაა ჩვენი ეკონომიკისათვის. ეს არავისი ბრალი არ არის. არის მოცემულობა, რაშიც მთელს მსოფლიოს უწევს ცხოვრება. ახლა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გადავიტანოთ ეს მძიმე პერიოდი.

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა დაეხმაროს ბიზნესს და მოსახლეობას, მძიმე პერიოდის გადატანაში, რომელიც ჩემი პროგნოზით, 6-7 თვე გაგრძელდება, სანამ ვაქცინაცია დაიწყება საქართველოში და ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. განსაკუთრებით უნდა მოხდეს ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერა, რათა საზღვრების გახსნის შემდეგ, ინდუსტრია მზად იყოს. ჩვენ თუ გავაკოტრეთ ჩვენი კერძო სექტორი, სასტუმროები, რესტორნები და ა.შ ძალიან დიდი დრო დასჭირდება მის თავიდან აღდგენას.

სახელმწიფო უშვებს არაერთ შეცდომას, რაც ჩემი აზრით, კვალიფიკაციის ნაკლებობითაა განპირობებული. ეს არის ახალ ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ეკონომიკურ განვითარებაში.

ახლა რადგან უკვე არსებობს ვაქცინა, თუ ვივარაუდებთ, რომ ეს პროცესი მოვა ჩვენამდეც მომავალი წლის მეორე ნახევარში დაიწყება აღდგენა, ჩვენ დაახლოებით 2023 წელს დავუბრუნდებით 2019 წლის ნიშნულს. ეს არ მოხდება თავისით, ბევრი სამუშაოა ამისათვის ჩასატარებელი“-აცხადებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.

ამასთან, გიორგი ქობულიამ გადაცემაში ისაუბრა იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანამ მეტი სესხი უნდა აიღოს.

„ხედავთ, რომ მხარში გვიდგანან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებმაც განსაზღვრული თანხები უკვე გამოგვიყვეს. თუ ჩვენ დავინახავთ, ძალიან რთული ვითარებაა, ვთვლი, რომ დამატებითი დახმარება უნდა გამოვიყენოთ. ვგულისხმობ იმას, რომ თუ საჭირო იქნება კიდევ მეტი სესხი უნდა ავიღოთ, როგორც ქვეყანამ. დღეს არის იმის დრო, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა, თავი მივიტანოთ იქამდე, სანამ გაიხსნება ტურისტული ნაკადები, რაც არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემომტანი. ჩვენი ძირითადი სფერო ეს არის, სადაც გვაქვს ზრდა და გვაქვს სამუშაო ადგილები. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა“, - განაცხადა ქობულიამ.

თამარ მუკბანიანი