,,თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან, კიდევ უნდა ვისესხოთ დამატებით ფული“- გიორგი ქობულია

იმისთვის, რომ პანდემიამ ეკონომიკას და ბიზნესს გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს, სახელმწიფო არ უნდა მოერიდოს საგარეო ვალის ზრდას - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა არასერიოზულია ვალის მოცულობის დათვლა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რადგან თუ ბიზნესი გაკოტრდება და პანდემიას ვერ გაუძლებს, ეს ქვეყნას ბევრად მეტ ზიანს მოუტანს, ვიდრე დიდი მოცულობის ვალი.

,,მე ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი უნდა გადავიტანოთ, რომელსაც ფიზიკურად იმედია გავუძლებთ, თუმცა ეკონომიკას და ბიზნესს გამოუსწორებელი ზიანი არ უნდა მიადგეს. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები გვიდგანან გვერდით მათ შორის, ფინანსურად. უკვე გამოყოფილია თანხები და თუ დავინახავთ, რომ ქვეყნას დასჭირდება, უნდა ავიღოთ დამატებითი სესხი. დღეს, იმაზე საუბარი შიდა პროდუქტის რამდენი პროცენტია სესხი, უბრალოდ უადგილოა. ახლა თავი უნდა მივიტანოთ იმ დრომდე, სანამ საზღვრები გაიხსნება და ეკონომიკა ამუშავდება.

არ არის სერიოზული დეფოლტზე საუბარი. ჯობია, ახლა ავიღოთ სესხი, თუ საჭირო გახდა, რათა დავუჭიროთ მხარი მოსახლეობას და ბიზნესს. ჩვენი ეკონომიკა ახლა ბიზნესის გაკოტრებით მეტ ზიანს მიიღებს, ვიდრე მომავალში იქნება უარყოფითი შედეგი სესხის დიდი მოცულობით. თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან, ჩვენ კიდევ უნდა ვისესხოთ დამატებით ფული.

მე მგონია, რომ ყველა სტრატეგიული ბიზნესის გადასარჩენად უნდა იბრძოლოს სახელმწიფომ. ასე მოქმედებს დღეს ყველა ქვეყანა. ეს არ არის ჩემი მოგონილი. ახლა, ამ სტრატეგიას მიჰყვება ჩვენი მთავრობაც, ტაქტიკური შეცდომებით, თუმცა გზა ეს არის. ბევრი ქმედება შეიძლება გავაკრიტიკოთ, მაგრამ ვექტორულად სწორი მიმართულებაა“,- თქვა ქობულიამ ,,360 გრადუსში“.

გადაცემაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ეკონომიკის აღდგენის სწრაფ გზებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ, საქართველომ ინდა დაიწყოს რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენისათვის მუშაობა.

,,შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდ ვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთთან, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენმა ტურისტულმა სექტორმა სწრაფად მიიღოს დიდი ტურისტული ნაკადი. მთავრობას მოვუწოდებ, რომ ამ საკითხზე ინტენსიურად იმუშაონ“-თქვა მან.

ცნობისთვის, მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებული პარამეტრები უკვე გაუგზავნა, რომლის თანახმადაც მომავალ წელს საქართველო 5.27 მილიარდი ლარის ახალ სესხებს აიღებს.

თამარ მუკბანიანი