კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - გელათის ტაძარზე დროებითი გადახურვების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თუნუქის მყარი სახურავით მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი დაიფარება, რაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

„ზამთრის სეზონზე პრევენციული ღონისძიებების მორიგ ეტაპს ისევ შემსრულებელი მხარე - „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და მისი კონტრაქტორი კომპანია „იკორთა 2007" ახორციელებს. არქიტექტურულ კომპლექსზე ფიზიკური სამუშაოები რამდენიმე დღეა დაწყებულია. სააგენტოსთან შეთანხმებული მეთოდოლოგიით, მთავარი ტაძრის მკლავების გადაუხურავი ფართობები იმავე მეთოდით დაიფარება, რომელიც ტაძრის ქვედა რეგისტრების გადასახურად იყო გამოყენებული", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის ღონისძიებებმა უკვე არქიტექტურული ნაგებობის სხვა კრიტიკული სეგმენტები მოიცვა, რომლის ფარგლებში მყარი სახურავით დაიფარა გუმბათის ყელთან მკლავების შეერთების ადგილები, ეკვდერები, საკურთხეველი, პასტოფორიუმები, კარიბჭეები და ნართექსი.

„ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის დაცვის მიზნით გათვალისწინებული ქმედებების დასრულების შემდგომ, ზამთრის სეზონის განმავლობაში ინტერიერში წყლის ჩადინება სრულად არიდებული იქნება. ინფილტრაციის შეჩერებაზე პრევენციულად მოწყობილი გადახურვების ეფექტი უკვე აისახა სააგენტოს გეგმიური მონიტორინგის ანგარიშებში (3 ოქტომბრისა და 24 ნოემბრის მისიები), რომლის თანახმად აგვისტოს თვის მეორე ნახევრიდან ინტერიერში დატენიანებული არეალების უკუქცევადი შრობის პროცესი დადგინდა. სამუშაო სეზონის დადგომისთანავე, შესაბამისი სპეციალისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გადახურვების კრიტიკული არეალების ე.წ. ზონდაჟების გახსნის გზით სრულფასოვნად შესწავლის საფუძველზე შემუშავდება შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებები.

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი სახურავი ნაგებობის ქვედა რეგისტრებზე მოწყობილი წუნდებული კრამიტის ახალი კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება, რომლის ხარისხიც ლაბორატორიული კვლევითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული", - ნათქვამია ინფორმაციაში.