Fitch Ratings-მა სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ პროგნოზი ნეგატიურიდან სტაბილურზე გაუზარდა

ნოემბერში სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ და სხვა ქართული კომერციული ბანკების რეიტინგები გამოაქვეყნა.

ხალიკ ბანკი საქართველოს გრძელვადიანი რეიტინგის (IDR) პროგნოზი ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესდა. ამავდროულად უცვლელი რჩება გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი „BB“ დონეზე.

ბანკის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობა არის „ხალიკ ჯგუფი“, რომლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი წევრიც „ხალიკ ბანკი საქართველოა“. თავად ჯგუფი წარმოდგენილია ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, რუსეთისა და საქართველოს საფინანსო ბაზარზე.

ქართული ბანკის დაწინაურება პოზიტიურად აისახება თავად ჯგუფზეც, რომელიც ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუტს წარმოადგენს და თავისი არსებობის 97 წელზე მეტს ითვლის. მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი. ქართულ ბაზარზე კი „ხალიკ ბანკი“ 2008 წლიდან არის წარმოდგენილი როგორც უნივერსალური კომერციული ბანკი, რომელიც სთავაზობს კორპორაციულ და საცალო კლიენტებს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს.